სოზარ სუბარი: პრეზიდენტთან ვისაუბრეთ ზოგადად პოლიტიკაზე, რეგიონში არსებულ პრობლემებსა და პოლიტიკაში ქალის როლის გაძლიერებაზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დღევანდელი შეხვედრისას ე.წ. შერიგების საკითხზე საუბარი არ ყოფილა.
მისივე თქმით, საუბარი ზოგადად პოლიტიკაზე, რეგიონში არსებულ პრობლემებსა და პოლიტიკაში ქალის როლის გაძლიერებაზე იყო.
„სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგი პროცესი დაიწყო, კერძოდ, შეხვედრა საზოგადოების სხვადასხვა ფენასბთან, პოლიტიკოსებთან და არამხოლოდ. ეს არ არის რაღაც კონკრეტული შერიგების და ასეთი ფორმატის შეხვედრები. შეხვედრების მიზანია ზოგად ჩვენს საზოგადოებაში არსებობდეს უფრო ფართო კონსენსუსი და ყველას ყველასთან შეგვეძლოს დიალოგი. წინასაახალწლო შეხვედრის ფორმატი უფრო იყო, ვიდრე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული, თუმცა, საბოლოოდ, ძალიან კარგი ფორმატია და ფაქტია, რომ პრეზიდენტი და პრეზიდენტის სასახლე გახდეს ერთგვარი საზოგადოების მიზიდულობის ცენტრი. ცენტრალი ფიგურა ამ თვალსაზრისით ქვეყანაში სწორედ პრეზიდენტია. შეხვედრაზე 3 ქალი მერი იყო წარმოდგენილი, ვსაუბრობდით რეგიონებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. რამდენიმე დღის წინ თავად თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომ სიტყვა „შერიგებას“ არჩევს „ეროვნული თანხმობის“ მიღწევას, ალბათ უფრო სწორი ტერმინია ვიდრე შერიგება ვიღაცებს შორის. დღეს ამ თემაზე არ ყოფილა საუბარი. დღეს ვისაუბრეთ ზოგადად პოლიტიკაზე, რეგიონში არსებულ პრობლემებსა და პოლიტიკაში ქალის როლის გაძლიერებაზე“, – განაცხადა სუბარმა.