არჩილ თალაკვაძე: ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება ეკუთვნის მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს
“ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს ეკუთვნის”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომელმაც ხელისუფლებას ოპოზიციასთან მუშაობისკენ მოუწოდა.
თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება მზადყოფნას გამოხატავს, ითანამშრომლოს ყველა პარტიასთან პარლამენტში.
“საპარლამენტო დარბაზი და პოლიტიკური სივრცე მზად არის ოპოზიციის მუშაობისთვის, მაგრამ მათი ძირითადი ნაწილი არ არის ამ პროცესში ჩართული. შესაბამისად, როცა გენერალური მდივანი აკეთებს ასეთ განცხადებას, ის ეკუთვნის მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს, ვინაიდან ხელისუფლებას გამოხატული აქვს მზადყოფნა უკვე წლების განმავლობაში ყველა იმ პარტიასთან პარლამენტში სამუშაოდ, ვისაც აქვს მზადყოფნა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გარშემო რაიმე ტიპის პროცესში ჩაერთოს”, – განაცხადა თალაკვაძემ.