თბილისის საკრებულოში ბუენოს-აირესის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში არგენტინის დედაქალაქის, ბუენოს-აირესის ავტონომიური ქალაქის პარლამენტის დელეგაციას უმასპინძლეს. შეხვედრაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ზურაბ აბაშიძე და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე – ნიკოლოზ კახეთელიძე მონაწილეობდნენ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე არგენტინელ სტუმრებს მიესალმა, ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი შეხვედრები თბილისსა და ბუენოს-აირესს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო განამტკიცებს.

„მოხარული ვართ, რომ გვეწვიეთ თბილისის საკრებულოში. დარწმუნებული ვარ, რომ ბუენოს-აირესის დელეგაციის ვიზიტი თბილისში საინტერესო და ნაყოფიერი იქნება. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას. ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ჩვენს ურთიერთობებს მუნიციპალურ თუ ეროვნულ დონეზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების კონტაქტებს და ჩვენი საზოგადოებების კავშირს. “- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

გიორგი ტყემალაძემ არგენტინელ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებ და განაცხადა, რომ დედაქალაქის მოსახლეობამ საკრებულოს წევრთა უმრავლესობა მეორე ვადით აირჩია. მან მუნიციპალიტეტის მუშაობის გასული 4 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, გასული 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის მთავარი მიმართულებების შესახებ ისაუბრა: ქალაქის ურბანული პოლიტიკა, სატრანსპორტო პოლიტიკა და გარემოს დაცვა. მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არგენტინელ სტუმრებს თბილისში ამ მიმართულებით გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე. გიორგი ტყემალაძე პანდემიის თემასაც შეეხო და ცენტრალური ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის მიერ ბიზნეს სექტორისთვის გაწეულ ეკონომიკურ დახმარებაზე და სოციალურ პროგრამებზე ისაუბრა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ ბუენოს-აირესის დელეგაციას დედაქალაქის საკრებულოს ფუნქცია-მოვალეობებზე, საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებზე მიაწოდა ინფორმაცია.

გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ გამწვანების და გარემოს დაცვის მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება. მან ელექტრო ტრანსპორტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელექტრო ტრანსპორტი გადასახადებისგან სრულად გათავისუფლებულია.

ბუენოს-აირესის დელეგაციის წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარეს და წევრებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს, არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს და იმედი გამოთქვეს, რომ მალე თბილისის დელეგაცია ბუენოს-აირესს ეწვევა. არგენტინელმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ბუენოს-აირესის წინაშე თბილისის მსგავსი გამოწვევები დგას და ამიტომ, თბილისის საკრებულოს წევრების მიერ მიწოდებული ინფორმაცია მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

შეხვედრა საქმიან გარემოში წარიმართა, რის შემდეგაც არგენტინელმა სტუმრებმა თბილისის საკრებულოს შენობა დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები