თბილისში მეტროს ამორტიზებული მატარებლები ახლით შეიცვლება. ვაგონების განახლება შემდეგი 3 წლის განმავლობაშია დაგეგმილი. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილია 44 ახალი ვაგონის, 11 მატარებლის შესყიდვა, რისი ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 49,2 მილიონ ევროს შეადგენს.
ამასთან, EBRD-ის მხარდაჭერით, დაგეგმილია არანაკლებ 10 მეტროსადგურის: „გურამიშვილის“, „სადგურის მოედნის“, „სარაჯიშვილის“, „მარჯანიშვილის“, „თავისუფლების მოედნის“, „300 არაგველის“, „რუსთაველის“, „ისნის“, „წერეთლის“ და „ნაძალადევის“ რეაბილიტაცია.
„რაც შეეხება ვარკეთილის მეტროსადგურს, სრულდება პროექტირების სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოებზე შესყიდვა გამოცხადდება შემდეგი წლის დასაწყისში. ამასთან, მეტროსადგურ გოცირიძის (მათ შორის ბაქნის) რეაბილიტაციის მიზნით, 11 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება ახალ კომპანიასთან შპს „მამისონთან”. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 7 თვეში“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
გარდა ამისა, მერია აქტიურად მუშაობს ახმეტელის და მარჯანიშვილის მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების მოწყობაზე.
წყარო: interpressnews