თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ორმხრივი გახდება. როგორც „კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, აღნიშნული სიახლე მელიქიშვილის რეაბილიტაციის შემდგომ შევა ძალაში.
„2022 წელს იგეგმება მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია. ექსპერტების დასკვნით, უმჯობესია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივი გახდეს, რაც, დიდი ალბათობით, განხორციელდება,“ – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
აღსანიშნავია, რომ, რეაბილიტაციის ფარგლებში, სამუშაოები ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის კუთხემდე ჩატარდება, რისთვისაც თბილისის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ორმხრივი მოძრაობა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის იქნება დაშვებული.
გარდა მელიქიშვილისა, 2022 წელს იგეგმება ქეთევან წამებულის გამზირის, ხოლო შემდეგ ეტაპზე – ვაჟა ფშაველასა და წერეთლის რეაბილიტაცია.