კახა ლაბუჩიძემ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორთან, თიკა რუხაძესა და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავასთან ერთად, სასახლეში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

კახა ლაბუჩიძის თქმით, განსაკუთრებულია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორ თიკა რუხაძის როლი უნიკალური შენობის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროცესში. სწორედ მისი ძალისხმევის შედეგად, სასახლემ ახალი სიცოცხლე შეიძინა. რაც მთავარია, მიმდინარე სამუშაოების განხორციელების პროცესში მთლიანად შენარჩუნებულია ისტორიული ფასადი, მხატვრულ-დეკორატიული დარბაზები და ინტერიერიც უცვლელია.

„რუსთაველის №6-ში მდებარე შენობა ერთ-ერთი გამორჩეული შენობაა, როგორც ისტორიული, – ისე არქიტექტურული თვალსაზრისით. ფაქტობრივად, სასახლე ბოლო 200 წლის მანძილზე ცოცხალი მემატიანეა და თაობათა შემეცნებისა და კულტურული აღზრდის ეპიცენტრია. სწორედ ამიტომ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობით, მას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად, სასახლეში მნიშვნელოვნად დაიხვეწა სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამები, კორონავირუსის შეზღუდვებიდან გამომდინარე კი დაინერგა ჰიბრიდული სწავლის მოდელები, ამასთან გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა, რაც სწორი მენეჯმენტის და ხარისხიანი სერვისის შედეგია“, – აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.

კახა ლაბუჩიძის განცხადებით, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია მისი ხელმძღვანელობის პერიოდში აქტიური მხარდამჭერი იქნება ყველა იმ რეფორმის, ინიციატივის თუ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის, რასაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე განახორციელებს. მისი განცხადებით, როდესაც დასრულდება სასახლის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები, თბილისს ექნება, ერთი მხრივ, ისტორიული ფასეულობის შენობა და, მეორე მხრივ, ეს სივრცე იქცევა ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებით ცენტრად. პროექტის ფარგლებში, რომელსაც სარესტავრაციო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს, მოეწყობა ახალი სახურავი, რესტავრირდება პარაპეტი, განხორციელდება სასახლის მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, კონსტრუქციული გამაგრება მოხდება შენობა-ნაგებობის, საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია. ასევე, შესრულდება ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები