თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიას მოუწოდა, რომ საზოგადოებას თბილისში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ.
კახა კალაძის თქმით, ის იღებს პასუხისმგებლობას, მედიის ყველა შეკითხვას უპასუხოს, თუმცა, ინფორმაცია დედაქალაქის სიახლეებთან დაკავშირებით საზოგადოებამდე მიზანმიმართულად არ მიდის.
„შეიძლება, ყოველდღიურად არა, მაგრამ კვირაში სამჯერ-ოთხჯერ გვიწევს კომუნიკაცია მედიასთან. ვიკრიბებით სხვადასხვა ადგილზე, მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეიძლება – ეს გამგეობის ან მერიის პროექტები იყოს, ახალი ბაღის მშენებლობა ან სპორტული მოედანი, ინფრასტრუქტურული სამუშაოები. არ აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ვიწვევთ მედიას, განურჩევლად ყველას. არის კონკრეტული მედიასაშუალებები, რომლებიც, სამწუხაროდ, არცერთ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით არ ავრცელებენ. გიწვევთ იმისთვის, რომ გააშუქოთ ის პროექტები, რომლებსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით. ეს ინფორმაცია მიზანმიმართულად არ ვრცელდება საინფორმაციოებში. არ იფიქროთ, რომ ვინმეს საინფორმაციო პოლიტიკას ვაკონტროლებ, მაგრამ რაღაც წესი, ჩარჩოები ხომ არსებობს? მოდიხართ, იღებთ არ აშუქებთ. მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო კომუნიკაბელური თქვენთან. სვამთ შეკითხვას სხვადასხვა თემაზე და ვცდილობ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში გიპასუხოთ ამ შეკითხვებზე. როდესაც ვიკრიბებით გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, ხიდის მშენებლობის თაობაზე, შეიძლება თქვენი შეკითხვა ამ საკითხს არ უკავშირდებოდეს, მაგრამ მე, როგორც ქალაქის მერი, ვიღებ პასუხისმგებლობას, ვცდილობ, რომ თქვენც კომფორტი შეგიქმნათ და გიპასუხოთ თქვენს ყველა შეკითხვაზე, მაგრამ როდესაც არ შუქდება ის კონკრეტული ინფორმაცია და არ მიეწოდება საზოგადოებას, მგონია, რომ ძალიან ცუდია. თუ ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს, გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას და ამ მიმართულებით მივიღებთ კონკრეტულ ზომებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, მედიის როლი მნიშვნელოვანია თბილისის მოსახლეობის ინფორმირებაში.
„ამ ქალაქში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაგან ყველა ჩემი მხარდამჭერი არ არის, ვიღაცამ ჩემს წინააღმდეგ მისცა ხმა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ამ ქალაქში ვცხოვრობთ ყველა და ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მე, კახა კალაძეს და ჩემს გუნდს დაგვიჭირა მხარი. შესაბამისად, მე ვალდებული ვარ, ვიყო ყველას მერი, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და ის სიკეთეები, რასაც ჩვენ ვცდილობთ და ვაკეთებთ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, ეს თანაბრად ნაწილდება და არავითარ შემთხვევაში არ ხდება დაყოფა პოლიტიკური ნიშნით ან სარწმუნოების ნიშნით ან სხვადასხვა შეხედულებების მიხედვით. რასაც ვაკეთებთ, ყველას თანაბრად უნდა შეხვდეს, ამიტომ, მედიის როლი აქაც მნიშვნელოვანია და ის, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით თუ რა კეთდება, ვფიქრობ, პრინციპულად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.