იპოდრომთან მდებარე, ჩოგბურთის კორტების ყოფილი ტერიტორია აუქციონზე გაიყიდა – რა ვალდებულება აქვს ახალ მფლობელს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იპოდრომთან მდებარე, ჩოგბურთის კორტების ყოფილი ტერიტორია აუქციონზე გაიყიდა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს გასხვისხდა და საცხოვრებელი კორპუსების აშენება იყო დაგეგმილი, თუმცა, უკვე მოქმედი ხელისუფლების პირობებში, მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.

„იპოდრომთან მდებარე, ჩოგბურთის კორტების ყოფილი ტერიტორია წინა ხელისუფლების პერიოდში, როდესაც დედაქალაქს სხვა გადმოსახედიდან უყურებდნენ, გასხვისდა და იქ კორპუსების აშენება იგეგმებოდა. იცით, მაშინ რა დამოკიდებულება იყო სპორტული მოედნების, რეკრეაციული სივრცეების მიმართ და ხდებოდა გასხვისება. არც ქალაქის ინტერესი, არც ეკოლოგიური ინტერესი არ იყო გათვალისწინებული – კორპუსი, კორპუსი და კორპუსი. ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო, ჰქონდათ მცდელობა, რომ მწვანე სივრცეების ხარჯზეც კი კორპუსები ჩაედგათ.  რაც შეეხება კორტებს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, უშუალოდ ჩემი მონაწილეობით, ეს ტერიტორია დავიბრუნეთ. შევიმუშავეთ კონცეფცია, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს სივრცე. გამოვაცხადეთ აუქციონი. პირობა იყო მარტივი – განხორციელებულიყო ჩოგბურთის კორტების მოწყობის პროექტი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, აუქციონში გამარჯვებული კომპანია ტერიტორიაზე არანაკლებ სამ საჩოგბურთო კორტს და სპორტული დანიშნულების სივრცეებს მოაწყობს.

„გვყავს გამარჯვებული კომპანია – შპს „კორტები“. მას გადაეცემა საკუთრების უფლება და ექნება ვალდებულება, რომ განახორციელოს 5 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია, მოაწყოს არანაკლებ სამი საჩოგბურთო კორტი, ასევე, სპორტული დანიშნულების და მასთან დაკავშირებული სივრცეები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წლის ვადაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები