კალაძე: სამშენებლო სექტორში არის სერიოზული ჩამორჩენა და, კომპანიების თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემები
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების რეაბილიტაციის გაჭიანურებულ პროცესსა და ტერიტორიიდან ჯართის მოპარვის საკითხზე კომენტარი გააკეთა. კალაძის თქმით, მერიამ საქმე გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა. რაც შეეხება კომპანიას, რომელმაც ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, მერიამ ის ე.წ. შავ სიაში შეიყვანა.
„1 წელი და 1 თვე მიმდინარეობდა ამ პროექტის განხორციელება. უფრო მალე უნდა დასრულებულიყო. დღეს ჩვენ გვაქვს საწმუხარო რეალობა. სამშენებლო სექტორში არის სერიოზული ჩამორჩენა და კომპანიების თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემები. სამშენებლო კულტურა არ გვაქვს. თქვენ იცით, რომ კომპანიების შერჩევა ხდება ტენდერის საფუძველზე. გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც გამარჯვებული კომპანიები არაკეთილსინდისიერად იქცევიან. ამ კომპანიების უმრავლესობა ვერ ახერხებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მერწმუნეთ, რომ არცერთი ასეთი შემთხვევა არ გაგვიტარებია. ყველა შემთხვევაში იყო მიღებული შესაბამისი ზომები. გაგდებულები არიან ეს კომპანიები და შეყვანილი შავ სიაში. 20-მდე კომპანიაა გაშავებული, რადგან მათ ვერ მოახერხეს ხელშეკრულები გათვალისწინებული პასუხისმგებლობების აღება.
რაც შეეხება ჯართის თემას, პირველები ვიყავით ჩვენ, ვინც მოკლვევა დაიწყო და საქმე გადაუგზავნა შესაბამის უწყებას – გენერალურ პროკურატურას. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული,“ – განაცხადა კახა კალაძემ.