ანრი ოხანაშვილი – ევროპელი პოლიტიკოსების წერილზე: ისეთ პოზიციას ნუ დაიკავებენ, რომელიც მათი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეებს მიაყენებს შეურაცხყოფას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი ევროპელი პოლიტიკოსების წერილს ეხმაურება, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უკავშირდება.
ანრი ოხანაშვილის შეფასებით, სამართლებრივ სახელმწიფოს პრინციპს ყველამ პატივი უნდა სცეს.
“ან შეცდომაში არიან შეყვანილი, ან ჩამოვიდნენ და პირადად გაეცნონ ფაქტობრივ გარემოებებს, ცოცხალ მოწმეებს და ადამიანებს, ვინც არიან მსხვერპლი, დაზარალებულები და ნახავენ, რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, ისეთ განცხადებასა და ისეთ პოზიციას ნუ დაიკავებენ, რომელიც მათი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეებს მიაყენებს შეურაცხყოფას. ეს სხვა არაფერია, თუ არა, ჩვენი მოქალაქეებისთვის და მსხვერპლი, დაზარალებული მოქალაქეებისთვის შეურაცხყოფა. კეთილი ინებონ და ყველამ პატივი სცეს სამართლებრივ სახელმწიფოს პრინციპს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, 70-ზე მეტი ევროპელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. მიმართვას ხელს აწერენ ლიეტუვისა და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები, შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, 25 ევროპარლამენტარი, ყოფილი ელჩები, დამოუკიდებელი ანალიტიკოსები, ლიეტუვის სეიმის 25-ზე მეტი წევრი და ქართველი პოლიტიკოსები. წერილის ადრესატები არიან ევროსაბჭოს, ევრო კომისიის და ევრო პარლამენტის პრეზიდენტები. მიმართვაში აღნიშნულია, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს ვიდრე ის არ წარდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე.