მუდამ უკმაყოფილო მეუღლე და შედევრი 72 წლის ასაკში
ქალები შთააგონებენ მამაკაცებს. ხშირად ისინი ამას საკუთარი სილამაზითა და სიყვარულით აკეთებენ, მაგრამ ხანდახან „უჟმური“ ხასიათითაც. წუწუნა ცოლმა იმდენად დაღალა ბოსნიელი მეუღლე, რომ მან თითქმის შეუძლებელი შეძლო. 6 წელიწადში უბრალო ფერმერმა ააშენა სახლი, რომელიც საკუთარი თავის გარშემო ბრუნავს.
ვოინ კუსიჩი მრავალი წელი იტანჯებოდა უკმაყოფილო ცოლის გამო. მას მუდამ არ მოსწონდა მათი სახლი, ეზო, ავეჯი, ხედი ფანჯრიდან… ქალმა 66 წლის მეუღლეს აიძულა, რომ ახალი სახლი აეშენებინა. იმის გათვალისწინებით, რომ ვოინი დარწმუნებული იყო, ცოლი უკმაყოფილო დარჩებოდა მისი აშენებული სახლით, მან გადაწყვიტა, სახლი მბრუნავი ყოფილიყო.
ვინაიდან აქამდე მსგავსი არაფერი გაეკეთებინა, მშენებლობა დიდხანს გაიწელა. სახლის აშენებას 6 წელი დასჭირდა. სამუშაოების დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე 72 წლის ვოინი საავადმყოფოში მოხვდა გულის შეტევით. ის ექიმებს სთხოვდა, რომ მისი სიცოცხლე იქამდე მაინც გაეგრძელებინათ, სანამ სახლი დამთავრდებოდა.
„ვთხოვდი ექიმებს, რომ ჩემი სიცოცხლე ერთი წლით მაინც გაეხანგრძლივებინათ. ვინაიდან მთელი პროექტი ჩემს თავში იყო, არავინ იცოდა, როგორ უნდა დაემთავრებინათ ის“,- ამბობს ვოინი.
ექიმებმა მამაკაცი გადაარჩინეს და ვოინმაც იმის მაგივრად, რომ სიცოცხლით დამტკბარიყო, მშენებლობა განაგრძო. ახლა სახლი დასრულებულია და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად ითვლება. ის ქალაქ სრბაკშია, ბოსნიის ჩრდილოეთში.
სახლის ერთი მხარე სიმინდის მინდვრებს უყურებს, მეორე კი – ტყესა და მდინარეს. მაგრამ, სახლში ყველაფერი ფარდობითია – ღილაკის დაჭერა რადიკალურად ცვლის პეიზაჟს. შენობას რამდენიმე რეჟიმში შეუძლია ბრუნვა. ყველაზე ნელა ის 24 საათში აკეთებს ერთ სრულ ბრუნს თავისი თავის გარშემო. მაქსიმალური სიჩქარის დროს მას ერთი ბრუნის გაკეთება 22 წამში შეუძლია.
მოეწონა თუ არა ვოინის მეღლეს ახალი სახლი, სამწუხაროდ, არავინ იცის.