ილია მეორე: დიდია მწუხარება, რომელიც ბათუმში ტრაგედიას მოჰყვა, შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

“დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა.

გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით.

ვლოცულობთ  გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში.

შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, მოგვანიჭოს თვისი წყალობა და  მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი”,- ნათქვამია  პატრიარქის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები