ცხოვრება ქალაქებში, სადაც მანქანები აღარ დადიან
მე-20 საუკუნის დასაწყისში ავტომობილი ქალაქში იშვიათი გამონაკლისი იყო. 100 წლის შემდეგ კი, ქალაქი ავტომობილის გარეშე, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, თუმცა, გამონაკლისის მოძიება მაინც შეიძლება.
მაგალითად, ვენეცია. 118 კუნძულზე გაშენებული ქალაქი, რომლის ვიწრო ქუჩებიც 400 ხიდით უკავშირდება ერთმანეთს, გასაგები მიზეზების გამო, საავტომობილო მოძრაობისათვის სრულიად გამოუსადეგარია. აქ მთავარი ტრანსპორტი ვენეციური გონდოლებია.
დაახლოებით, ანალოგიური ვითარეება ფას-ალ ბალიში. მაროკოს ამ პატარა ქალაქში სულ 150 ათასი კაცი ცხოვრობს. აქ ქუჩები იმდენად ვიწროა, რომ ორი ველოსიპედისტიც ვერ აუქცევს გვერდს ერთმანეთს. შესაბამისად, ავტომობილი ამ ქალაქისთვის უცხო ხილია.
საბერძნეთი, კუნძული სარონიკი, პატარა ქალაქი 3000 მაცხოვრებლით. ჰიდრაში ყველანაირი მოტორიზებული ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გამონაკლისი მხოლოდ ნარჩენების შემკრები ავტომობილებია.
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში არც ქუჩებია ვიწრო და, ვენეციის მსგავსად, არც ზღვაზეა გაშენებული, თუმცა, ავტომობილებს აქ მაინც ვერ ნახავთ. პონტევედრაში საავტომობილო მოძრაობა 1999 წელს აკრძალეს. 2013 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალაქში ჰაერის დაბინძურების დონემ 61%-ით დაიკლო. მას შემდეგ, რაც ქალაქში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, პონტევედრაში საცხოვრებლად 12 ათასი ადამიანი გადავიდა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მერი, რომელმაც ეს აკრძალვა დააწესა, მერად მეოთხედ აირჩიეს.