გაგრის იზოლატორში პატიმარი ჩამომხრჩვალი იპოვეს

 

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის იზოლატორში 24 წლის ანრი ატეიბამ თავი ჩამოიხრჩო.

აფხაზური სეგმენტის სოციალურ ქსელებში, თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა კაცი მძიმედ იყო ნაცემი და მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.

თუმცა, მოგვიანებით ტელეგრამ-არხებზე, ატეიბას ნათესავებზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან თავი მოიკლა.

ერთ-ერთი საინფორმაციო პორტალი ანრი ატეიბას დედის სიტყვებს ციტირებს: “ის თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ყველა მტკიცებულება მაქვს. უბრალოდ, ახლა ამისთვის არ მცალია”.

აღინიშნება, რომ ატეიბა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაიცვალა, სადაც ის 1-ელი – მე-2 ხარისხის კომატოზურ მდგომარეობაში გადმოიყვანეს.

დე ფაქტო პროკურორის, ბადრა აიბას განცხადებით, 5 ივლისს ანრი ატეიბამ ნარკოშემოწმებაზე უარი თქვა და ძალოვანებს წინააღმდეგობა გაუწია, რისთვისაც 7 აგვისტოს იქნა დაკავებული. მისივე თქმით, 9 აგვისტოს ახალგაზრდა კაცის შემოწმება ჩატარდა და მის სხეულზე ძალადობის კვალი არ იყო.

მოგვიანებით, დე ფაქტო პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანრი ატეიბა ღამის 00:30 საათზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი, ის გაგრის რაიონული საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი- კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი – რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

“ამავე დღის 16:00 საათზე, რეანიმობილით, ის მეზობელ ქვეყანაში გადაიყვანეს, სადაც 14 სექტემბერს გარდაიცვალა”, – ნათქვამია დე ფაქტო პროკურატურის განცხადებაში.

მომხდარს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.ომბუდსმენი გამოეხმაურა, რომელიც შესაბამის ე.წ. უწყებებს მოუწოდებს, ანრი ატეიბას გარდაცვალების ფაქტი სათანადოდ გამოიძიონ.

დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ადგურ აგრბასადმი მიწერილ წერილში ე.წ. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ „სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის საკმარისი მონაცემები“, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შეფერხება არის მიუღებელი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები