ოკუპირებული გალის რაიონი ქართული ენის აკრძალვის ფინალურ ეტაპზეა
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში ფუნქციონირებად სკოლებში ქართული სწავლება მე-11 კლასის ჩათვლით აიკრძალა. ინფორმაცია სკოლის დირექტორებს 12 სექტემბერს, საგანგებო თათბირზე გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდული გაერთიანება – “ჩვენ ვარსებობთ – ხმა აფხაზეთიდან” ავრცელებს.
რუსეთის ფედერაცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს უკანონოდ ახორციელებს არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ – ცხინვალშიც, ბავშვთა უფლებებს უხეშად წლებია, არღვევს. რუსეთის საოკუპაციო ძალები ბავშვების ეთნიკურ დისკრიმინაციას ეწევიან და ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის 29-ე მუხლით აღიარებულ განათლების უფლებას ზღუდავენ.
რუსეთმა ქართული ენის სასწავლო პროცესიდან ამოღება ორივე ოკუპირებულ რეგიონში ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო. 1994 წლიდან 2015 წლამდე ორივე ოკუპირებული რეგიონის ყველა სკოლაში ქართული ენა, ეტაპობრივად, რუსულით ჩანაცვლდა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ქართულენოვან სკოლებში 2017- 2018 სასწავლო წლიდან სასწავლო პროცესი სრულად რუსულ ენაზე გადავიდა. 1994 წელს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ჯერ ქართული ენის უცხო ენად სწავლების მეთოდი შემოიღო, შემდეგ საათები შეამცირა და ახლა დაწყებით კლასებში ქართულის სწავლება საბოლოოდ აკრძალა. 2015-2016 წლებიდან ოკუპირებული გალის რაიონში, დაბალი ზონის სოფლების გარდა, ყველა სკოლა სრულად რუსულენოვან სწავლებაზე გადავიდა. ბუნებრივია, დაიხურა ქართული სკოლებიც, მოსახლეობის იმ ნაწილს კი, ვინც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გალის სიახლოვეს არსებულ სკოლებში სწავლობდა, გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართულ ენაზე სწავლა აკრძალულია გალის რაიონში არსებულ ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში.
გალელებს ერთმანეთთან რუსულად ურთიერთობას აიძულებენ. ადგილზე რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) თანამშრომლები მუდმივად აკვირდებიან ქართველებს. სხვადასხვა ინტერვიუში, ვინაობის გამჯღავნების გარეშე, ქართველები იმასაც ამბობენ, რომ სკოლებსა და ბაღებში რუსული სპეცსამსახურები პერიოდულად რეიდებს ატარებენ. ხალხი მუდმივ სტრესშია, მშობლები საუბრობენ, როგორ აიძულებენ მათ ქართველ შვილებს სამხედრო თემატიკის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას, აფხაზური „ჰიმნის“ შესრულებას, სამხედრო ფორმებში გამოწყობასა და ქართველებზე გამარჯვების აღნიშვნას.
ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „საგანმანათლებლო დაწესებულებებს“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ავტორიზაცია გავლილი არ აქვთ. შესაბამისად, ეს „დაწესებულებები“ ბოლონიის პროცესშიც არ არიან ჩართულნი და სწავლის პროცესი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არ ხორციელდება. ოკუპირებული რეგიონების „საგანმანათლებლო დაწესებულებების“ კურსდამთავრებულები საერთაშორისო თვალსაზრისით არალეგიტიმურ საგანმანათლებლო დოკუმენტებს ფლობენ და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ აქვთ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ბავშვთა უფლებების დარღვევის კიდევ ერთი ილუსტრაციაა.
როგორც ვხედავთ, რუსული სწავლება სკოლებში ეტაპობრივად დაინერგა, დამამთავრებელი, გალის ე.წ დაბალი ზონის მე-11 კლასი კი იყო ერთადერთი, რომელსაც სწავლა ქართულად უნდა დაესრულებინა. ახლა გალელი ბავშვები სწავლას უკვე ყველა საგანში რუსულ ენაზე გააგრძელებენ. ქართული ენა და ლიტერატურა გალის რაიონის ყველა სკოლაში უცხო ენად იქნება წარმოდგენილი. ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა უკავშირდება არა მხოლოდ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას, არამედ – განათლების მიღების ერთადერთ შესაძლებლობას, რადგან გალსა და ახალგორში მოსახლეობა, მასწავლებლების, მოსწავლეების და მათი მშობლების უმრავლესობა არც ფლობს რუსულ ენას. მათთვის მშობლიური ენა ქართულია.
ლილი ნოზაძე