სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი ინფიცირებულთა ზრდაა. მონაცემები, რომელიც ფიქსირდება ბოლო ათი დღის განმავლობაში, თანდათან მზარდია. პიკი იყო 17 აგვისტო, როდესაც მართლაც კატასტროფული რიცხვი 6 200 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის უკან დგას გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი. ამის უკან დგას მუტაცია, დელტა შტამი რომელიც გამოირჩევა მაღალი აგრესიული მიმდინარეობით, ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლით და ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.„დელტა ვარიანტი დღეს განიხილება ბოლო ასწლეულის განმავლობაში ყველაზე აგრესიულ რესპირაციულ ვირუსად, რომელმაც განაპირობა ასეთი მაღალი სიკვდილიანობა, მაღალი მიმართვიანობა. ეს ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მე-4 ტალღა, რომელიც საქართველოში უფრო მძიმე აღმოჩნდა ვიდრე მესამე და მეორე, ამ ტალღის შესაბამისი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ძალიან ბევრ ქვეყანაში. სამწუხაროდ ბრძოლის გზები მინიმალურია. მსოფლიოს არ გვაქვს ეფექტური ანტივირუსული საშუალება. ერთადერთი გზა რაც გვაქვს არის ეფექტური ეპისდსაწინააღმდეგო ღონისძიებების მკაცრი შესრულება და მეორე მექანიზმი, რაც საქართველოში ბოლო კვირებში აქტიურად გამოიყენება, ეს არის მასობრივი იმუნიზაცია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.