ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო
„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში საუბრისას შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომაზე გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით ერთხმად მიიღეს.
„ეს გადაწყვეტილება იყო ერთხმად მიღებული, როგორც პოლიტსაბჭოში, ასევე შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატშიც. ეს იყო საერთო აზრი. რა თქმა უნდა, ყოველთვის, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას ვიღებთ, პლუსებსა და მინუსებზე ყოველთვის არის მსჯელობა.
რადგან უკვე გადაწყვეტილება მიღებულია, პლუსებზე გავამახვილებ ყურადღებას. პლუსი არის ძალიან მარტივი – ქვეყანა დამშვიდდება ამ გადაწყვეტილებით, ეს იყო მთავარი ამოსავალი წერტილი. თქვენ ხედავდით რომ დაწყებული ჰქონდა უკიდურესი პოლარიზაციისკენ სხვლა მთავარ ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“, ამისთვის იყენებდნენ სხვადასხვა მეთოდებს, მათ შორის საკუთარ მედიასაშუალებებს და ეს ქმნიდა საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ გვეფიქრა პოლარიზაციის უმაღლეს ხარისხზე, რასაც ისინი შექმნიდნენ ამ არჩევნებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.