ნათია თურნავა: ვაქცინაცია არის გზა, რომ შეუფერხებლად გავაგრძელოთ ეკონომიკის გაჯანსაღება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ვაქცინაცია არის გზა, რომ ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება შეუფერხებლად გაგრძელდეს.

„დღეს ჩვენ, როგორც არასდროს, ვართ იმ პოზიციაზე, რომ შესაძლებელია სრულიად ისე ვებრძოლოთ პანდემიას, რომ არანაირად არ შევაფერხოთ ჩვენი ეკონომიკა, რაც შეუძლებელი იქნება ახლა, რადგან ჩვენი ეკონომიკური გაჯანსაღების მთავარი საწინდარი არის ამა თუ იმ დარგის შეუფერხებელი ფუნქციონირება. მით უფრო, როდესაც ჩვენ გვაქვს 3 მილიონამდე დოზა სხვადასხვა ვაქცინა, მათ შორის „ფაიზერიც“, ადგილზე გვაქვს 2 მილიონი ჩინური ვაქცინა, „ფაიზერი“, კიდევ ერთი მილიონი დოზა „ფაიზერი“ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში შემოვა. ანუ არ არსებობს არანაირი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, როგორ ავიცართ, არის თუ არა ხელმისაწვდომი ის ვაქცინა, რომლის გაკეთებაც ამა თუ იმ ადამიანს სურს, ეს თემა მოხსნილია. ჩვენ ჩართული ვართ საკმაოდ აქტიურ კამპანიაში, მთავრობის წევრებიც კი დავდივართ და ვესწრებით სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების ვაქცინაციას, რათა მეტი პოპულარიზაცია მოვახდინოთ. მოსახლეობაში არსებობს სხვადასხვა კითხვა, რაც ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული. ჯანდაცვის სამინისტრო და ექიმთა კორპუსი ასევე აქტიურად არიან ჩართული ვაქცინის შესახებ კითხვებზე პასუხში, სხვადასხვა განმარტებით აქციაში, დადიან და არსებულ კითხვებს პასუხობენ. მე პირადად, ვესწრები საწარმოების თანამშრომლების ვაქცინაციას, მსხვილი დამსაქმებლების. იცით, რომ იგივე რუსთავის აზოტმა დაიწყო აცრა, „ქართლის ტექსტილის“ საწარმომ და ამ ჯგუფის სხვა ტექსტილის საწარმოებმა. გახლდით ბათუმში, სადაც ასევე დავესწარი ბათუმის მეზღვაურთა სექტორის თანამშრომელთა ვაქცინაციას. ვეცდები, ფოთშიც დავესწრო მეზღვაურების ვაქცინაციას და ასევე პირადად მოვუწოდო და გავამხნევო, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ შეუფერხებლად განვაგრძოთ ეკონომიკის გაჯანსაღება, გაიზარდოს დასაქმება, დავძლიოთ სიღარიბე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები