როგორ შესთავაზეს ალბერტ აინშტაინს ისრაელის პრეზიდენტობა

საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერი ალბერტ აინშტაინი მხოლოდ თეორიული ფიზიკით როდი იყო დაინტერესებული. ის საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობდა პოლიტიკას, ჰუმანიტარულ მოძრაობებს, სოციალიზმსა და მხარს უჭერდა ებრაელების უფლებებს. აინშტაინის წვლილი იმდენად შესამჩნევი იყო, რომ 1952 წელს მას ისრაელის პრეზიდენტობაც კი შესთავაზეს. როგორ მოხდა ეს?

მეცნიერის ინტერესი შევიწროებული ერების მიმართ ძალიან დიდი იყო. შვეიცარიიდან გერმანიაში ჩასვლის შემდეგ აინშტაინს უსიამოვნება მოუვიდა გერმანელებთან და მხოლოდ მაშინ, როგორც თავად ამბობდა, გაიგო, რომ ებრაელი იყო. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა 1933 წელს, ადოლფ ჰიტლერისა და ნაცისტების მმართველობაში მოსვლის შემდეგ. მეცნიერის მისამართით მუქარები ისმოდა, მის ნაშრომს არასწორს უწოდებდნენ, ამბობდნენ, რომ გერმანელები არ უნდა ყოფილიყვნენ ვინმე ებრაელის მიმდევრები. ალბერტსა და მის ოჯახს სამშობლოს დატოვება მოუწიათ.

აინშტაინი აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც პრინსტონის უნივერსიტეტში სამსახური მიიღო. იმის შემხედვარემ, თუ როგორ იდგამდა ფესვებს ნაციზმი გერმანიაში, ალბერტმა უარიც კი თქვა გერმანიის მოქალაქეობასა და სამეცნიერო აკადემიების წევრობაზე. მისი ორი ბიძაშვილი საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა, ამიტომ აინშტაინს არ სურდა რაიმე საერთო ჰქონოდა ყოფილ სამშობლოსთან.

მომხდარის შემდეგ მეცნიერი სიონიზმის მხარდამჭერი გახდა და ებრაელების უფლებებისთვის იბრძოდა. მეოცე საუკუნის ოციან წლებში აინშტაინი ამერიკისა და ისრაელის ტერიტორიებს სტუმრობდა, რათა დახმარება გაეწია ებრაული უნივერსიტეტის გახსნაში ისრაელში, რაც 1925 წელს მოხდა კიდეც. ერთ-ერთი ვიზიტის დროს ალბერტმა ფარდობითობის თეორიის შესახებაც წაიკითხა ლექცია. აინშტაინი ახალი უნივერსიტეტის თანადამაარსებელი გახდა და დახმარება გაუწია ტექნოლოგიური ინსტიტუტის გახსნას.

აქედან გამომდინარე, ის ისრაელის მეცნიერების ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. არსებული წინაპირობების გამო, სრულიად გასაგებია, რომ 1952 წელს ისრაელის ერთ-ერთმა დამაარსებელმა და მისმა პირველმა პრემიერ-მინისტრმა, დავიდ ბენ-გურიონმა ზუსტად აინშტაინს შესთავაზა გამხდარიყო ქვეყნის პრეზიდენტი. მისგან მიღებული წერილი ოფიციალური და სერიოზული იყო, მაგრამ მეცნიერი კარგად დაფიქრდა და უარი განუცხადა. მან საკუთარი უარი იმით ახსნა, რომ არ ჰქონდა შესაბამისი გამოცდილება ადამიანებთან ურთიერთობის. მაგრამ, ამან არ შეუშალა ხელი ყველა თავისი წერილი და ხელწერილი იერუსალიმში, ებრაული უნივერსიტეტისთვის ეანდერძა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები