“პარადოქსია, ხალხო. ძალადობრივად შემოიჭრნენ სხდომათა დარბაზში და შალვა პაპუაშვილს ადანაშაულებენ ძალადობაში. ნონსენსი”, – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს ხათუნა სამნიძესა და ხატია დეკანოიძეს ბიუროს სხდომაზე, სადაც საუბარი 18 ივლისს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.
ოხანაშვილი ოპონენტებს სიტყვების გაკონტროლებას ურჩევს.
„პარალელურ სამყაროში უნდათ გვაცხოვრონ და აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება. იმას კი არ ამბობენ, რომ პლენარულ სხდომაზე შეჭრა არის ძალადობა. რომელი კოლეგის საქციელი დაგმეთ, ქალბატონო ხატია ან ქალბატონო ხათუნა? პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე რომ მანდატურებზე ძალადობდა, ადექით ახლა და დაგმეთ და დავიჯერებ თქვენ სიმართლეს. პლენარულ სხდომაზე რომ შემოიჭერით, ეს თურმე ყოფილა დემოკრატია და პლენარულ სხდომაზე შეჭრა, პიკეტირება ყოფილა სწორი. როგორ მივიღო თქვენგან რაიმე მორალზე და სამართლებრივ საკითხზე შეფასება? პარლამენტის შენობაში რომ იჭრებოდით თურმე გამართლებულია, ზვიად გამსახურდიას სახელობის სხდომათა დარბაზში შემოიჭერით და აქეთ ადანაშაულებთ. პარადოქსია, ხალხო! ძალადობრივად შემოიჭრნენ სხდომათა დარბაზში და შალვა პაპუაშვილს ადანაშაულებენ ძალადობაში. ნონსენსი! სიტყვები გააკონტროლეთ და სტუდენტებით სპეკულირებას თავი დაანებეთ!“, – განაცხადა ოხანაშვილმა.