თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიამ ბოლო წლებში საერთაშორისოდ აპრობირებული რეფორმები განახორციელა. როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, კახა კალაძის მმართველობამდე ქალაქის ყოფილ ხელმძღვანელობას სწორი პოლიტიკა რომ გაეტარებინა, თბილისი დღეს უკეთესი ქალაქი იქნებოდა.
„ხშირად მითქვამს, რომ რეფორმა ყოველთვის მტკივნეულია. არაერთგვაროვანი შეფასება არ არის იმის მაჩვენებელი, რამდენად სწორი ან არასწორია ესა თუ ის რეფორმა. რეფორმები რომ გასატარებელია, ამას სულ სხვა კრიტერიუმები და საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს. შესაბამისად, ჩვენ ახალია არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რაც არ არის აპრობირებული და გამოცდილი მსოფლიოს განვითარებულ ქალაქებში.
ვთვლი, რომ გასული წლების განმავლობაში, კახა კალაძის მმართველობის პერიოდამდე და 10-15 წლის წინ სწორი პოლიტიკა რომ გატარებულიყო ურბანული განვითარების, არქიტექტურის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, დღეს კიდევ უკეთესი იქნებოდა თბილისი და უკეთესი პროექტების განხორციელებას შევძლებდით,“ – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.