ისნის რაიონში ორი მჭიდროდ დასახლებული უბნის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელი მოეწყობა
ისნის რაიონის გამგეობა ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩაზე (პეტრე-პავლეს სასაფლაოსა და მელაანის I შესახვევის მიმდებარედ), სარკინიგზო მაგისტრალის ქვეშ, ორი მჭიდროდ დასახლებული უბნის დამაკავშირებელ მიწისქვეშა გადასასვლელს მოაწყობს.
ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ, საქართველოს რკინიგზის სალიანდაგო დეპარტამენტის უფროს გია კაციტაძესთან, საქართველოს რკინიგზის ტექნიკური სამსახურის სერვისების ცენტრის უფროს კახა კასარელთან, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, შპს „ელვას“ დირექტორ თენგიზ მაჭავარიანთან, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ვაჟა მაკალათიასთან და გამგეობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც პროექტის დეტალები განიხილეს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ხნის სურვილი იყო, რადგან ლიანდაგებზე გადასვლა მოქალაქეებისთვის საფრთხეს შეიცავდა.
პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა გადასასვლელის საპროექტო სამუშაოები განხორცილდა.
პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, მოეწყობა პარკინგი, დასასვენებელი სივრცე და შშმ პირთათვის პანდუსები დამონტაჟდება.
პროექტი ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 507 470 ლარით ფინანსდება.