ძალადობა, გაუპატიურება და ფსიქიკური აშლილობა – ბავშვთა ტანჯვაზე აგებული სახელმწიფო ბიზნესი კვებეკში
„დიუპლესის ობლების“ ისტორია მსოფლიო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გახდა ცნობილი, მომხდარიდან 50 წლის შემდეგ. დღეს რთულად დასაჯერებელია, რომ მეოცე საუკუნის 30-40-იან წლებში პროგრესულ კანადაში არსებობდა ნამდვილი საკონცეტრაციო ბანაკები ბაშვებისთვის და თანაც, მთავრობის ზედამხედველობის ქვეშ. ის, რასაც ახლა მოგიყვებით, სრული სიმართლეა ისევე, როგორც ის, რომ ამ ყველაფრის შემოქმედი კვებეკის პროვინციის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მორის დიუპლესია.
კვებეკის პრემიერ-მინისტრად მორის დიუპლესი პირველად 1936 წელს აირჩიეს. მას შემდეგ პოლიტიკოსი 1944 წელს ხელახლა აირჩიეს ამ პოსტზე, რომელიც 1959 წლამდე ეკავა. დიუპლესი – ფანატიკოსი კათოლიკე და კონსერვატორი, განათლებით – იურისტი და თვითშეგნებით – ნაციონალისტი . მისი მმართველობის წლებს პროვინციის მოსახლეობა „მძიმე თემას“ უწოდებდა. ისინი არ აბუქებდნენ. საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი დიუპლესმა სხვადასხვა პოპულისტური მეთოდით გამოუმუშავა. ის კვებეკის ავტონომიურობისთვის იბრძოდა, კომუნისტების მიმდევარი იყო და არ გაურბოდა საკუთარ რასისტულ შეხედულებებს. პრემიერ-მინისტრის პროგრამაში ძირითადი პუნქტი ობლებსა და წარუმატებელი ოჯახის შვილებზე ზრუნვა იყო, რაც მის მომხრეებს ყველაზე მეტად მოსწონდათ.
მშობლების სიყვარულს მოკლებულ ბავშვებზე ზრუნვა მან კათოლიკურ ეკლესიას მიაბარა. ეკლესიას ბავშთა სახლების, საავადმყოფოების და სკოლების მართვაც გადააბარა. ბიუჯეტი, რომელიც ამ მიზნისთვის გამოყოფდა, ასევე ეკლესიის შეხედულებების მიხედვით განიკარგებოდა.
ვინ ხვდებოდა ეკლესიის ზედამხედველობის ქვეშ?
თავშესაფარში ხვდებოდნენ ის ბავშვები, რომელთაც არ ჰყავდათ მშობლები ან მათ დედ-მამას მშობლობის უფლება ჩამოერთვათ. ამ ბავშვების სიაში ხვდებოდნენ ისეთები, რომელთა ოჯახებს მცირე შემოსავალი ჰქონდათ, ასევე – უკანონო ქორწინებაში დაბადებულები და მარტოხელა დედების შვილები.
თუკი მშობლები სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდნენ, მათი ბავშვები „ცოდვის ნაყოფებად“ ითვლებოდნენ და ისინი ეკლესიის აღსაზრდელთა ყველაზე დაბალ კატეგორიად განისაზღვრებოდნენ. მათ უფრო ცუდად ექცეოდნენ, ვიდრე სხვებს… თითქმის, ისევე, როგორც დამნაშავეებს. ეკლესიის მზრუნველობის ქვეშ მოხვედრა ძალიან ადვილი იყო – ბავშვები ოჯახებიდან, უბრალოდ, მღვდლის, მასწავლებლის ან ექიმის რეკომენდაციით შეიძლებოდა წაეყვანათ.
ხანდახან მშობლებს არწმუნებდნენ, რომ ბავშვისთვის თავშესაფარში უფრო კარგი იქნებოდა, რომ მას უკეთესი პირობები და საუკეთესო განათლების პერსპექტივა ელოდა. მაგრამ, უფრო ხშირად ბავშვები ძალით მიჰყავდათ, პოლიციისა და რელიგიური აქტივისტების აქტიური ჩარევით. ბევრი ბავშვი იყო… მათ თავშესაფრები არ ჰყოფნიდათ, ამიტომ დიუპლესი ახლების გახსნას ხელს უწყობდა.
ცხადია, ეს კორუფციული პროცესი იყო და სახელმწიფოს მიერ ბავშვებისთვის გამოყოფილ თანხებს გრანდიოზული მასშტაბებით იპარავდნენ. ერთხელაც მორის დიუპლესი მიხვდა, რომ ფინანსური ნაკადი მცირდებოდა და საშინელი ნაბიჯი გადადგა – მან კვებეკის თავშესაფრები ფსიქიატრიულ საავადმყოფოებად გადააკვალიფიცირა.
დაწესებულებიდან მოგება თვალსაჩინო აღმოჩნდა – თუკი 1 ობოლზე კანადის ხელისუფლება 1 დოლარსა და 25 ცენტს გამოყოფდა, ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტისთვის განკუთვნილი იყო 2 დოლარი და 75 ცენტი. მოზარდებისა და ბავშვების ფსიქიატრიულ ავადმყოფებად გადაქცევა ძალიან ადვილი იყო. „ზევიდან“ მოსული განკარგულების საფუძველზე, მღვდლებმა, მონაზვნებთან ერთად, მოფიქრეს თითოუელი აღსაზრდელის ფსიქიატრიული დიაგნოზი.
ყველაფერი რომ ოფიციალურად მომხდარიყო, ბავშვებისთვის სამედიცინო ბარათები შეიქმნა, რომლებსაც მღვდლები გამოგონილი ჩანაწერებით ავსებდნენ. ბავშვებს ასაკის მიხედვით ახარისხებდნენ. ყველაზე მეტად არ გაუმართლათ მოზარდებს – მათ, უბრალოდ, აგზავნიდნენ ნამდვილ კლინიკებში და ნამდვილ პაციენტებთან ასახლებდნენ.
თუმცა, ის ბავშვები, რომლებიც თავშესაფარში რჩებოდნენ, არანაკლებ იტანჯებოდნენ, ვიდრე ფსიქიატრიულში გადასახლებულები. ისინი, ვინც ამ ჯოჯოხეთს გადაურჩნენ, ყვებოდნენ, რომ მათ სცემდნენ, აშიმშილებდნენ, აუპატიურებდნენ და ასახიჩრებდნენ. ბავშვებს ფსიქიატრიულ პერანგებს აცმევდნენ, აბამდნენ საწოლებზე, ამწყვდევდნენ კარცერში და საწყობებში მძიმე მუშაობას აიძულებდნენ.
დაწესებულებებში, სადაც „დიუპლესის ობლები“ იზრდებოდნენ, ბარბაროსული სამედიცინო პროცედურებს და გაუმართლებელ ქირურგიულ ჩარევებს აწარმოებდნენ. ბავშვებს უტარდებოდათ ლობოტომია, რის შემედეგაც ისინი უნებლიე ზომბებად იქცეოდნენ, ზოგჯერ კი, იღუპებოდნენ. სიკვდილი ხშირი სტუმარი იყო რეფორმირებულ თავშესაფარში – პატარები არა მხოლოდ არაადამიანური პირობების შედეგად კვდებოდნენ, არამედ ისინი თავსაც იკლავდნენ, ვინაიდან ვერ უძლებდნენ „სააღმზრდელო ზომებს“.
გარდაცვლილ ბავშვს შემოსავალი არ მოჰქონდა, მაგრამ გვამისგან ჯერ კიდევ შეიძლებოდა სარგებლის ნახვა. დაღუპული აღსაზრდელების გვამებს ანატომიურ თეატრებსა და კვლევით ინსტიტუტებზე 10 დოლარად ჰყიდდნენ. ბავშვებზე ხშირად ცდიდნენ ახალ სამკურნალო პრეპარატებსა და სამედიცინო პროცედურებს, რომლებიც არც თუ ისე ხშირად მთავრდებოდა წარმატებით.
ცოტა მოგვიანებით, „დიუპლესის ობლების“ გაშვილება დაიწყეს როგორც კანადურ ოჯახებში, ისე აშშ-შიც. ეს ფასიანი იყო, 40 დოლარიდან 25 ათას დოლარამდე ჯდებოდა. ბავშვების მშობლებს, რაღა თქმა უნდა, არავინ ამოწმებდა და ზოგჯერ ბავშვები მათთანაც ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებოდნენ. მათი ბედით აღარასდროს არავინ ინტერესდებოდა.
ასეთი „ბანაკის“ ერთ-ერთმა აღსაზრდელმა, კლარინა დაგვეიმ დაწვრილებით მოჰყვა საკუთარი ცხოვრების შესახებ მას შემდეგ, რაც ის გასაზრდელად სახელმწიფომ და ეკლესიამ აიყვანეს. ის ოჯახიდან წამოიყვანეს და წმინდა ჟულიენის სამკურნალო დაწესებულებაში გაამწესეს, რომელიც მისი სახლიდან 1000 კილომეტრში მდებარეობდა.
სამკურნალო დაწესებულებაში ბავშვებს მონაზვნები და ექიმები აწამებდნენ. ძირითადი სასჯელი მათთვის, ვინც რამეს დააშავებდა, გაყინულ წყალში ჩაყვინთვა და გაროზგვა იყო. დაგვეი იხსენებს, რომ მას საწოლზე კისრითა და ხელებით აბამდნენ, აჭმევდნენ ნარჩენებს და ძილს რკინისბადიან საწოლზე ლეიბის გარეშე აძალებდნენ.
შრომით თერაპიის დროს ბავშვები იატაკს ხეხავდნენ. წინააღმდეგობა რომ არ გაეწიათ, მათ ნეიროლეფსიურ წამლებს ასმევდნენ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ქლოროპრომაზინის პრეპარატი. ეს საშუალება უკვე მე-20 საუკუნის შუაში აიკრძალა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში როგორც სახიფათო მედიკამენტი, მაგრამ ბავშვებს მათ შეუზღუდავად აძლევდნენ.
თავშესაფრებისა და სამკურნალო დაწესებულებების ისტორია მალე ყველასათვის გახდა ცნობილი, მაგრამ მაინც ბევრი შავი ლაქა რჩებოდა. დღემდე უცნობია, თუ რამდენი ბავშვი დაშავდა ამ „პროგრამის“ გამო. ექსპერტები თვლიან, რომ მათი რიცხვი 300 ათასს აღემატება.
1999 წელს ორმა ანალიტიკოსმა, ლეო-პოლ ლაზონიმ და მარტიმ პიერმა გამოთვალეს, რომ კვებეკის ხელისუფლებამ და ეკლესიამ 40-50-იან წლებში კანადისგან 70 მილიონი დოლარი მიიღო.
თავშესაფარში გადარჩენილი ობლები მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძნობდნენ „აღზრდის“ შედეგებს. მათ ვერ მიიღეს არა მხოლოდ განათლება, არამედ ელემენტარული ცხოვრებისეული უნარ-ჩვევებიც კი. მათ სამედიცინო ცნობებში ფსიქიატრიული აშლილობის დიაგნოზი ეწერა, რის გამოც, საშუალება არ ჰქონდათ მიეღოთ განათლება ან სამუშაო.
ერთმანეთის დასახმარებლად ყოფილი აღსაზრდელები გაერთიანდნენ, რათა საკუთარ მომავალზე ეზრუნათ, ეპოვათ ახლობლები და უბრალოდ, გაევლოთ ადაპტაცია ჩვეულებრივ ცხოვრებასთან, საავადმყოფოს პალატებს მიღმა. მათ ჰქონდათ მიზანი, მოეყოლათ ხელისუფლების და ეკლესიის ყველა დანაშაულის შესახებ, რასაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.
90-იანი წლების ბოლოს ნახევარსაუკუნოვანი დანაშაული გაიხსნა, კანადის ხელისუფლება დაზარებულებს 15 ათასი დოლარის გადახდას დაპირდა, კომპენსაციის სახით. შეთავაზება უარყოფილი იყო სასაცილო თანხის გამო. 2001 წელს შემუშავდა კომპენსაციის ახალი გეგმა, რომელიც 10 ათასი დოლარის ერთჯერად დახმარებას და საავადმყოფოში გატარებული ყოველი წლის ათასი დოლარით კომპენსაციას გულისხმობდა.
ამ შემთხვევაში, თანხა მაინც მიზერული გამოდიოდა. გარდა ამისა, მისი მიღება არ შეეძლოთ მათ, ვინც თავშესაფარში იმყოფებოდა და ძალადობის მსხვერპლი იყო, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ ფსიქიატრიული დიაგნოზი. დამნაშავეები ნახევარი საუკუნის შემდეგ ვერ იპოვეს – ეკლესიამ უარი განაცხადა საკუთარი დანაშაულის აღიარებაზე და ბოდიშიც კი არ მოიხადა.
დანაშაულის მტკიცებულებები დღემდე დამალულია კვებეკის სხვდასხვა კუთხეში. ყველაზე საშინელი იყო 1999 წელს ნაპოვნი ღორების ფერმა, რომელთანაც ოდესღაც სამკურნალო დაწესებულება მდებარეობდა. იქ, მიწის ქვეშ აღმოაჩინეს ყუთში ჩაყრილი, „სააღმზრდელო პროგრამის“ შედეგად დაღუპული, დაახლოებით, 2000 ბავშვის ცხედარი.