ქართველი გენერალ-მაიორი, რომელმაც იმპერატორზე ხელი აღმართა

რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, თავადი ვლადიმერ მიხეილის ძე იაშვილი დაიბადა 1764 წლის 15 ივლისს. საქართველოდან რუსეთში ჯერ კიდევ მცირეწლოვანი ჩამოიყვანეს თავის უმცროს ძმასთან, ლევანთან ერთად და  სამხედრო სამსახურში განამწესეს.1786 წელს დაამთავრა საარტილერიო და საინჟინრო კადეტთა კორპუსი. გაანაწილეს შტიკ–იუნკერად საველე არტილერიაში. 1786 წლიდან ბომბარდირთა პოლკის ოფიცერი იყო, შემდეგ მსახურობდა ლაიბ-გვარდიის საარტილერიო ბატალიონში.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე ვკითხულობთ,  1787-91 წლებში ვლადიმერ იაშვილი მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში და თავი გამოიჩინა ბენდერის, კინბურნის, ბრძოლებში, იზმაილის აღებაში, რისთვისაც ოქროს ჯვარი დაიმსახურა. 1791 წლიდან არტილერიის კაპიტანია. 1792-94 წლებში იბრძოდა პოლონელი კონფედერატებისა და აჯანყებულთა წინააღმდეგ, სადაც კიდევ ერთი ოქროს ჯვარი მოიპოვა პრაღის აღებისათვის. 1797 წელს მიეკუთვნა პოდპოლკოვნიკის წოდება. 1798 წლის 30 ნოემბერს პოლკოვნიკი გახდა. მსახურობდა ბოგდანოვის საცხენოსნო ბატალიონში. 1800 წლის ნოემბრიდან უკვე გენერალ–მაიორია. 1801 წლის 27 აგვისტოდან დანიშნეს მე–10 საარტილერიო ბატალიონის მეთაურად. ბრძოლებში წარმატებისათვის მიღებული აქვს წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი, ბაფთით და ოქროს დაშნა – „სიმამაცისათვის”.

1801 წლის 11 მარტს ვლადიმერ იაშვილი მონაწილეობდა იმპერატორ პავლე I-ის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში. მემუარისტები აღნიშნავენ, რომ იგი იყო პირველი, ვინც ხელი აღმართა იმპერატორზე და ის ძირს დააგდო, რის შემდეგაც დანარჩენებმა პავლე შარფით დაახრჩვეს.

პავლე I-ის შემდეგ რუსეთის ტახტი მისმა ვაჟმა, ალექსანდრე I–მა დაიკავა. 1803 წლის მარტში იმპერატორის განკარგულებით ვლადიმერ იაშვილს თანამდებობა დაატოვებინეს და პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, თავის მამულ მურომცევოში (კალუგის გუბერნია) გადაასახლეს. ამიერიდან მას პეტერბურგსა და მოსკოვში ბინადრობის უფლება აღარ ჰქონდა. ცნობილია მისი წერილი ალექსანდრე I–სადმი, სადაც ის თავის და შეთქმულთა ქმედების მოტივთა ახსნას ცდილობს.

1812 წელს, როცა რუსეთს ნაპოლეონის არმია შეესია, ვლადიმერ იაშვილმა თხოვნით მიმართა გენერალ–ლეიტენანტ ვასილ შეპელევს, რათა მიეცა ფრანგების წინააღმდეგ ბრძოლის უფლება. მისი ნებართვის შემდეგ მან კალუგის გუბერნიაში ჩამოაყალიბა რაზმი და ბრძოლაში ჩაება. გენერალმა იაშვილმა მოკლე ხანში მიაღწია დიდ წარმატებას, განსაკუთრებით, ელნიასთან ბრძოლითა და მისი გათავისუფლებით. სულ 45 დღე გაგრძელდა იაშვილის ომში მონაწილეობა, რადგან როგორც კი იმპერატორის ყურამდე მივიდა მისი ბრძოლებში მონაწილეობის ამბავი, მან ბრძანება გასცა მისი სამსახურიდან დათხოვის შესახებ. გენერალ იაშვილზე აღადგინეს პოლიციის ზედამხედველობა და 1812 წლის დეკემბერში სიმბირსკში გადაასახლეს. მხოლოდ 1813 წლის ზაფხულში დართეს ნება კვლავ თავის მამულში დაბრუნებულიყო.

დევნილებაში გენერალი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მას ჰყავდა მეუღლე – ბარბარე ალექსანდრეს ასული სუხოვო–კობილინა, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი. მისმა ვაჟიშვილმაც, ვლადიმერ ვლადიმერის ძემ სამხედრო კარიერა აირჩია და ისიც გენერალ–მაიორი გახდა.

ვლადიმერ იაშვილი გარდაიცვალა 1815 წლის 20 ივლისს, მურომცევოში. განისვენებს სოფელ კოზელში, (კალუგის გუბერნია), ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ეკლესიასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები