თბილისის საკრებულოს კიევის საბჭოს დელეგაცია ესტუმრა
თბილისის საკრებულოს კიევის საბჭოს დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციასთან შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა გამართეს. გიორგი ტყემალაძე კიევის დელეგაციის წევრებს მიესალმა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს და მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება.
„მინდა მოგესალმოთ თბილისის საკრებულოში. მოხარული ვარ, რომ კიევის საქალაქო საბჭოს წარმომადგენლობითი დელეგაცია გვესტუმრა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეგობრული ურთიერთობა ამ თანამშრომლობის შედეგად კიდევ უფრო გაღრმავდება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თავის მხრივ, უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ბონდარენკომ გიორგი ტყემალაძეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უკრაინული მხარე ხედავს იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოს თვითმმართველობის კუთხით აქვს.
მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ უკრაინულ დელეგაციას 2018-2021 წლებში, თბილისში გატარებული რეფორმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ის შვიდი ძირითადი პრიორიტეტი გააცნო, რა მიმართულებითაც დედაქალაქის მთავრობამ რეფორმები გაატარა.
თბილისის ურბანული პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია სტუმრებს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ მიაწოდა. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც აღნიშნული რეფორმის ფარგლებში განხორციელდა, თბილისის განვითარების გენერალური გეგმის შექმნაა, რამაც დედაქალაქის განვითარების პრიორიტეტები განსაზღვრა. გარდა ამისა, რევაზ სოხაძემ K2 განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდის აკრძალვაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამშენებლო ბაზარზე ქაოტური განაშენიანება დასრულდა.
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა პრობლემის და დაუსრულებელი მშენებლობების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია უკრაინელ სტუმრებს თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა მიაწოდა. მან დეტალურად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რაც აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მუნიციპალიტეტმა გადადგა.
დედაქალაქის ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, განისაზღვრა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტები, რის შედეგადაც, უპირატესობა მიენიჭა ქვეითებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ეკომეგობრულ ინდივიდუალურ სატრანსპორტო საშუალებებს. ასევე, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა; სრულად განახლდა ავტობუსების პარკი უმაღლესი სტანდარტის ავტობუსებით; დაიწყო მეტროს რეაბილიტაცია და სამარშუტო ტაქსების პარკის განახლების პროგრამა; ამოქმედდა ერთიანი ელექტრონული გადახდის სისტემა; ჩატარდა ტაქსების რეფორმა და შეიქმნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი კონცეფცია. ინერგება პარკირების ახალი სისტემა.
გიორგი ტყემალაძემ სტუმრებს თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობისა და გამწვანების პოლიტიკის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც მიაწოდა ინფორმაცია.
ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.
თბილისის საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ბირბიჩაძემ. მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რომლის შედეგადაც, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. მისივე თქმით, დაინერგა ახალი პროგრამები, არსებულები კი გაუმჯობესდა.
პროექტები, რომლებიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე კულტურისა და განათლების პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდა, უკრაინელ სტუმრებს თბილისის საკრებულოს შესაბამისი კომისიების თავმჯდომარეებმა, გიორგი ჩაკვეტაძემ და თინათინ ნიბლოშვილმა გააცნეს. როგორც მათ აღნიშნეს, კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის 700 პროექტი, ამდენივე სპორტული ინიციატივა და 320 საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პროექტი განხორციელდა. მნიშვნელოვანი სიახლეები დაინერგა განათლების მიმართულებითაც.
თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობის პრინციპებზე ისაუბრა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ და უკრაინელ კოლეგებს საბჭოს ფარგლებში განხორციელებული აქტივობები გააცნო.
თბილისის საკრებულოს მუშაობისა და მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა მსგავსი ვიზიტებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.
უკრაინული დელეგაციის ვიზიტი თბილისში 11 ივლისს დაიწყო და 17 ივლისს დასრულდება.