ლიეტუვის საგარეო უწყება: საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობა შოკისმომგვრელია
ლიეტუვის საგარეო უწყება “ტვ პირველის” ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასა და 5 ივლისს საქართველოში ჟურნალისტებზე მომხდარ ძალადობას “ტვიტერზე” ეხმაურება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიეტუვა შოკირებულია საქართველოში მედიის წარმომადგენლებზე მომხდარი ძალადობის ფაქტებით.
“საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობა შოკისმომგვრელი და მიუღებელია. მთავრობამ უნდა იმოქმედოს დაუყოვნებლივ და დაუშვას ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების დამოუკიდებელი გამოძიება. ნებისმიერი სხვა კურსი არის შეუსაბამო საქართველოს დემოკრატიულ მონაპოვართან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გუშინ დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.