კახა კალაძე: 4 ოქტომბერს თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და ქალაქის განვითარება შეუქცევადი გახდება

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ახალგაზრდობასთან და მათ მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, 4 ოქტომბერს თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და ქალაქის განვითარება შეუქცევადი გახდება.

„ჩვენ, მუნიციპალიტეტმა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყეთ, ბევრი პროგრამა განვახორციელეთ ახალგაზრდებისთვის, მაგრამ ამაზე არ ვჩერდებით. მომავალში კიდევ უფრო საინტერესო იდეებს შემოგთავაზებთ. ასევე, თქვენგანაც ველოდებით საინტერესო იდეებს, ხედვებს, რომელთაც პროექტებად ვაქცევთ და განვახორციელებთ ჩვენი ქალაქისთვის.

მინდა, მადლობა გითხრათ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. გამარჯვებებს და წარმატებებს გისურვებთ. 4 ოქტომბერს ჩვენი ქალაქი აუცილებლად იზეიმებს გამარჯვებას და შეუქცევადი იქნება მისი აღმშენებლობა, განვითარება, მაგრამ ყველაზე მთავარი მშვიდობის შენარჩუნებაა, რადგან მშვიდობას მოაქვს განვითარება, კეთილდღეობა, აღმშენებლობა. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი დღეს ქვეყანაში, ვისაც ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს!“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები