ბელგია გაყინულ რუსულ აქტივებს უკრაინას არ გადასცემს – ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიზეზები დაასახელა
ბელგია გაყინულ რუსულ აქტივებს უკრაინას არ გადასცემს, – ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.
„გულწრფელად რომ ვთქვათ… ამ რუსული სუვერენული აქტივების კონფისკაცია ბელგიისთვის ნამდვილად არ არის ვარიანტი“, – თქვა მან.
პრევომ განაცხადა, რომ ბელგიური ბანკებიდან რუსული აქტივების ჩამორთმევა საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის, როგორც ფინანსური მომსახურების ცენტრის რეპუტაციას და დასძინა, რომ ეს ნაბიჯი სახიფათოა ევროკავშირისთვის.
„ეს ძალიან ცუდი სიგნალი იქნებოდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის. ზოგიერთ მათგანს ასევე აქვს აქტივები, სუვერენული აქტივები ბრიუსელში ან ევროპის სხვა ქვეყანაში“, – განმარტა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან შემოსავლის კონფისკაცია ასევე „ევროსადმი ნდობას შეარყევდა“. მან ასევე უარყო ალტერნატიული გეგმა აქტივების ცალკე საინვესტიციო ფონდში გადატანის შესახებ.
პრევოს თქმით, ბრიუსელი შეუერთდება უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებას „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ბელგია უკრაინას თვითმფრინავებს გადასცემს და ტერიტორიის განაღმვაში დაეხმარება.