ალექსანდრე გეჯაძე: ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასმულია ძირითადი სტანდარტული და სავსებით მისაღები შეკითხვები
„მიცვალებული გამოკვლეულ იქნა ერთობლივად, სამხარაულის საექსპერტო სტრუქტურის ექსპერტთან ერთად ჩემი უშუალო მონაწილეობითა და ჩართულობით, კრიმინალისტებთან ერთად, რომლებმაც შესაბამისი მასალა აიღეს”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასმულია ძირითადი სტანდარტული და სავსებით მისაღები შეკითხვები.
“ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასმულია ძირითადი სტანდარტული და სავსებით მისაღები შეკითხვები, რაც შემდეგში მდგომარეობს: რა არის უშუალოდ აწ გარდაცვლილის სიკვდილის მიზეზი, რა დაზიანებები ჰქონდა მას, რა არის ამ დაზიანებების ხასიათი, არის თუ არა მიზეზშედეგობრივი კავშირი დაზიანებებსა და დამდგარ შედეგს შორის. ასევე, დგას საკითხი, მიღებული ჰქონდა თუ არა ნარკოტიკული ნივთიერება, სედატიური პრეპარატი, საძილე ნივთიერება, ან სხვა რაიმე ტოქსიკური ნივთიერება, ან რაიმე ნივთიერების ზედოზირებას ხომ არ ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.
როგორც გეჯაძემ აღნიშნა, ექსპერტიზისთვის აიღეს სხვადასხვა მასალა.
„აღებულ იქნა დაქტილოსკოპიურად თითის ანაბეჭდები, ფრჩხილის ნიმუშები ანაწმენდების სახით, დნმ კვლევისთვის მასალა სახისა და ხელების მიდამოდან. აღებულ იქნა სისხლი და შარდი, შინაგანი ორგანოების ნაჭრები ქიმიურ გამოკვლევაზე და ჰისტოპათომორფოლოგიურ გამოკვლევაზე ძირითადი შინაგანი ორგანოების ნაჭრები. რაც შეეხება გვამის გამოკვლევამდე შევისწავლეთ სამედიცინო ბარათი, ანუ „ნიუ ჰოსპიტლის“ ავადმყოფობის ისტორია, კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნითურთ. ამ ისტორიის მონაცემებით, აწ გარდაცვლილს ჰქონდა საკმაოდ რთული და ყურადსაღები ტრავმა მარცხენა თვალბუდის არეში, ძვლოვანი სტრუქტურის შემადგენელი ქვედა კიდის ღრმა ფრაგმენტული მოტეხილობა, ფრაგმენტების შეღწევით ჰაიმორის ღრუში და მიმდებარე ანატომიურ სუბსტანციებში. შესაბამისად, ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაციის მერე მკურნალობა უტარდებოდა. ძლიერი ტკივილების გამო, უკეთდებოდა მორფინი, მკურნალობის დაწყებიდან ანუ 5-დან. 8 რიცხვში პაციენტი გაეწერა ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე ნევროპათოლოგისა და სხვა სპეციალობების მეთვალყურეობის ქვეშ. დადგენილი ჰქონდა თავის ტვინის შერყევა“, – აღნიშნა ალექსანდრე გეჯაძემ.