ლევან მახაშვილი: გვქონდა მოლოდინი, რომ ეუთო/ოდირი არ ჩამოვიდოდა – როგორც წესი, ისინი აკვირდებიან ხოლმე საპარლამენტო არჩევნებს, ასევე იყო მოლოდინი, რომ გარკვეული ზეწოლა იქნებოდა მათზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან
სიმართლე გითხრათ, გვქონდა მოლოდინი, რომ არ ჩამოვიდოდნენ რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ის, რომ როგორც წესი, ისინი აკვირდებიან ხოლმე საპარლამენტო არჩევნებს, მეორე – იყო იმის მოლოდინი, რომ გარკვეული ზეწოლა იქნებოდა მათზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა.
დეპუტატი ეუთო/ოდირის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ ოდირი 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიას არ გამოგზავნის, მიზეზად კი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოწვევის ვადას ასახელებს.
„ეუთო/ოდირს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ სურვილის და საჭიროების შემთხვევაში, ჩამოსულიყო. სიმართლე გითხრათ, გვქონდა მოლოდინი, რომ არ ჩამოვიდოდნენ რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ის, რომ როგორც წესი, ისინი აკვირდებიან ხოლმე საპარლამენტო არჩევნებს, მეორე – იყო იმის მოლოდინი, რომ გარკვეული ზეწოლა იქნებოდა მათზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან. რაიმე ფიქსირებული ვადები [არჩევნებზე დასაკვირვებლად მომზადებისთვის] აქ არ არსებობს, ორმხრივი შეთანხმების საგანია, ამიტომ ეს ნაკლებად არის მიზეზი. თუ ნამდვილად აქვს ეუთო/ოდირს სურვილი, შეუძლიათ ამ [ჩამოსვლის] გადაწყვეტილების მიღება. პატივს ვცემთ და მივესალმებით გადაწყვეტილებას და იმედია ისინიც პატივისცემით მოეპყრობიან საქართველოს მოსახლეობის არჩევანს მუნიციპალურ არჩევნებზე“, – აღნიშნა მახაშვილმა.