ზუგდიდში მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს
ზუგდიდში მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს.
მათ წუთიერი დუმილით პატივი „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ხსოვნას მიაგეს.
მედიის წარმომადგენლებმა ოპერატორის გარდაცვალების მიზეზის სასწრაფოდ გამოძიება, ასევე 5-6 ივლისს თბილისში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებში მონაწილეთა იდენტიფიცირება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა მოითხოვეს.
ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 5-6 ივლისს “თბილისი პრაიდის” ღონისძიებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს დაზარალდა. ის შესაბამისი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან ბინაზე გაეწერა. დღეს დილით კი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.