„ნახეთ, თურქეთში რა დღეში ჩააგდეს ეგენი, აზერბაიჯანში საერთოდ აუკრძალეს გამოსვლა, რაღა ჩვენთან უნდა ჩატარდეს ყველანაირი ექსპერიმენტი?“ – ალი ბაბაევი „ლგბტ პრაიდის“ კვირეულზე
„მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, აზერბაიჯანელი, მუსულმანი, რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებ როგორც საპატრიარქოს, ასევე, იმ ძალებს, რომელებიც საქართველოში ტრადიციულ წეს-ჩვეულებებს იცავენ“, – ამის შესახებ „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ბაბაევი თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს გამოეხმაურა.
„მინდა, გამოვეხმაურო მოვლენებს, რომელმაც ქართული საზოგადოების უმრავლესობაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. საქართველოსთვის მიუღებელი პროცესები მიდის, საზოგადოება ძალიან გაღიზიანებულია იმით, რაც ხდება. ბევრი შეიძლება, ვილაპარაკოთ იმასთან დაკავშირებით, რომ, პირველ ყოვლისა, ჩვენ კავკასიელები ვართ, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები გვაქვს. რა თქმა უნდა, ყველანაირ თავისუფლებას მხარს ვუჭერთ, მაგრამ – ეთიკის ნორმების ფარგლებში. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, გარკვეული პოლიტიკური ინტერესების გამო, ქვეყანაში ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეკონომიკას ზიანი მიადგეს, დესტაბილიზაცია იყოს. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, აზერბაიჯანელი, მუსულმანი, რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებ როგორც საპატრიარქოს, ასევე, იმ ძალებს, რომელებიც საქართველოში ტრადიციულ წეს-ჩვეულებებს იცავენ. ლგბტ პრაიდის მოწინააღმდეგეთა მიტინგზე ვიყავი, ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ტელევიზიის ჟურნალისტი ავანტიურისტული, პროვოკაციული ტონით საუბრობდა.
ძალიან არ მსიამოვნებს ისიც, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები ჭკუას გვასწავლიან. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი ტრადიციები გვაქვს, ამ მიმართულებით მივდივართ. ამიტომაც, ჩვენს კანონს, ტრადიციას, საზოგადოების აზრს პატივი უნდა სცენ. დღეს საქართველოს მოსახლეობის 90 %-ზე მეტი წინააღმდეგია ამ უსინდისო ადამიანების ქმედებებისა, რომლებსაც გრანტები აქვთ აღებული. შეიძლებოდა, 1 დღით ჩატარებულიყო, რა იყო, 5 – დღიან მარათონს რომ აკეთებენ? ალბათ, სურთ, ხალხი გაღიზიანდეს. ეს არ შეიძლება. ჩვენ კავკასიელები ვართ. ნახეთ, თურქეთში რა დღეში ჩააგდეს ისინი? აზერბაიჯანში საერთოდ აუკრძალეს გამოსვლა. ასევე, სხვა ქვეყნებში, რაღა ჩვენთან უნდა იყოს ყველანაირი ექსპერიმენტი? ყველაფერი ჩვენთან უნდა ჩატარდეს?
მხარს ვუჭერ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, პრემიერისა და ბატონი კალაძის გამოსვლებს. მათ ღირსეული განცხადებები გააკეთეს“, – განაცხადა ბაბაევმა.