ოპოზიცია: ივანიშვილის რეჟიმი, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს დაბრუნებას თავისუფალ სამყაროში
„დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ჩვენი თანამოქალაქეების, პარლამენტის წინ მყოფი სამოქალაქო აქტივისტების, ლგბტქ ჯგუფის წევრებისა და მათი უფლებადამცველების, ათობით თავისუფალი მედიის წარმომადგენლის, ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და ბავშვების მიმართ ძალადობის პირდაპირი, დაუფარავი წახალისება და დაორგანიზება ვიხილეთ”, – ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე შეფასებით, შოკისმომგვრელია პოლიციელების გამიზნული უმოქმედობა ორგანიზებული მასობრივი ძალადობის წინაშე.
“შოკისმომგვრელია პოლიციელების გამიზნული უმოქმედობა ორგანიზებული მასობრივი ძალადობის წინაშე. შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით, აქტივისტები, ჟურნალისტები და მოქალაქეები დამნაშავეებს შეატოვეს, მათ დაცვაზე ხელი აიღეს და საკუთარი მოვალეობა არ შეასრულეს. საგანგაშოა, რომ ამ ყველაფრის ორგანიზებაში და პროპაგანდირებაში ერთად მოქმედებდნენ ხელისუფლება, სასულიერო პირები და ღიად პრორუსული ჯგუფები. ეს პროგანდა გასცდა ღირსების მარშის პრინციპულ საკითხს, მთლიანად თავისუფალი საზოგადოების იდეას და საქართველოს პროდასავლურ არჩევანს დაუპირისპირდა.
დედაქალაქის ქუჩებში მიმდინარე მასობრივი ძალადობის აღკვეთის ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ოპოზიციას, თავად ძალადობის სამიზნეებს და დაზარალებულებს აკისრებენ, რითიც ადასტურებენ, რომ მათი მიზანი არა მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ მათი დაშინება და ძალადობის შემდგომი წახალისებაა.
სიმბოლურია, რომ მოძალადეებმა ევროკავშირის დროშაზე მიიტანეს იერიში. ნათელია, რომ ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს დაბრუნებას თავისუფალ სამყაროში.
ამ უმძიმეს ვითარებაში, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალია, საკუთარი ძალისხმევით დაიცვას სამოქალაქო თავისუფლება და ქართული სახელმწიფოს მომავალი. ამისთვის აუცილებელია დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრის და მთელი საზოგადოების კონცენტრაცია ხელისუფლების შეცვლაზე და ამავდროულად, ნებისმიერ შავრაზმულ მოძალადე ჯგუფებთან მკაფიოდ გამიჯვნა”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას შემდეგი პარტიები აწერენ ხელს: „თავისუფალი დემოკრატები“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი- მეტი თავისუფლება“, „პროგრესი და თავისუფლება“, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“, „კანონი და სამართალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „სამართლიანობისთვის“, „გამარჯვებული საქართველო“.