ომბუდსმენი შსს-ს მიმართავს, დაიწყონ სავარაუდო მოძალადეების იდენტიფიცირება
“მინდა, ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ჟურნალისტებს, რომლებიც სამოქალაქო გმირობას ჩადიოდნენ დღეს და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აშუქებდნენ რუსთაველის გამზირზე და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
ნინო ლომჯარია შსს-ს მოუწოდებს, დაუყონებლივ დაიწყოს იდენტიფიცირება იმ ადამიანების, ვინც ძალადობდნენ.
“მინდა, ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ჟურნალისტებს, რომლებიც სამოქალაქო გმირობას ჩადიოდნენ დღეს და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აშუქებდნენ რუსთაველის გამზირზე და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები, რომელთა გმირულმა მუშაობამაც ადგილზე უზრუნველყო ის, რომ პრევენცია გაუკეთა უარესი მოვლენების განვითარებას და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ძალადობრივი მოვლენების დოკუმენტირება მოახდინა.
მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყონებლივ, დღესვე დაიწყონ გავრცელებული ვიდეომასალის გაშიფვრა და იდენტიფიცირება იმ ადამიანების, ვინც ძალადობდნენ და უახლოეს მომავალში მოგვაწოდონ ინფორმაცია თუ რა ღონისძიებები გაატარეს ამ ადამიანების იდენტიფიცირებისთვის და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისთვის”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.