მალხაზ სონღულაშვილი: იძულებული ვარ, დღეს კიდევ ერთხელ ბოდიში მოვიხადო, რომ ქრისტეს ეკლესიის სახელით ხდება ადამიანებზე ძალადობა

”სამწუხაროდ, მე იძულებული ვარ დღეს კიდევ ერთხელ ბოდიში მოვიხადო რელიგიის სახელით, ღმერთის სახელით, ბოდიში მოვიხადო ქრისტიანობის სახელით, რომ ჩემი ღმერთის, ჩემი რელიგიის, ჩემი ეკლესიის, ქრისტეს ეკლესიის სახელით ხდება ადამიანებზე ძალადობა”, – ამის შესახებ საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტმა, მალხაზ სონღულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის, რაც რუსთაველის გამზირზე ახლა ხდება, უმეცრებაა და მიანიშნებს განათლების სისტემის უმწეობაზე.

“სამწუხაროდ, მე იძულებული ვარ, დღეს კიდევ ერთხელ ბოდიში მოვიხადო რელიგიის სახელით, ღმერთის სახელით, ბოდიში მოვიხადო ქრისტიანობის სახელით, რომ ჩემი ღმერთის, ჩემი რელიგიის, ჩემი ეკლესიის, ქრისტეს ეკლესიის სახელით ხდება ადამიანებზე ძალადობა. რაც არანაირად არ მიესადაგება არც იესო ქრისტეს მოძღვრებას, არც ზოგადად რელიგიის მოძღვრებას, რომლის უმთავრესი, ფუნდამეტური პრინციპიც არის – არ ავნო სხვას.

მე არ ვფიქრობ, რომ დღეს საქმე გვაქვს თვითორგანიზებულ ადამიანთა ჯგუფთან. ჩვენ ვხედავთ დღევანდელ დღეს ფეხქვეშ გათელვას რელიგიის იდეისა, სახელმწიფოს იდეისა, რომლის უმთავრესი პრეროგატივაც არის დაიცვას თავისი მოქალაქეები და ჩვენ ასევე ვხედავთ კატასტროფულ უმწეობას ჩვენი განათლების სისტემისა, რომლის მსხვერპლიც არის დღეს მთელი სახელმწიფო. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის სიბნელის, უმეცრების გამოვლინება”, – განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა.

უკვე რამდენიმე საათია, რუსთაველის გამზირზე ჰომიფობიურად განწყობილი ადამიანები არიან შეკრებილნი და პრაიდის მარში გამართვას ეწინააღმდეგებიან. აგრესიული ადამიანები ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებიან, ნაცემია ათობით ჟურნალისტი და ოპერატორი, დამტვრეული და დაზიანებულია აპარატურა.

შეგახსენებთ, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დღეს “ღირსების მარშია” დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები