თინა ბოკუჩავა: აგრესიულად განწყობილი რადიკალური დაჯგუფება ებრძვის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს – მოვუწოდებთ დიპკორპუსს, დაუყოვნებლივ მოახდინონ უმკაცრესი რეაგირება
“ჩვენ ვხედავთ, პარლამენტის შენობის წინ, ისევე როგორც პარლამენტის შენობის უკან, განლაგებულია ძალიან აგრესიულად განწყობილი რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ებრძვის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავა დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო მეგობრებს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ვხედავთ პარლამენტის შენობის წინ, ისევე როგორც პარლამენტის შენობის უკან, განლაგებულია ძალიან აგრესიულად განწყობილი რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ებრძვის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, ისინი თავს ესხმიან ჟურნალისტებს სხვადასხვა ტელევიზიიდან, თავს ესხმიან ოპერატორებს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის „სირცხვილიას“ წევრებს და ცდილობენ, ძალადობრივად „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრას, ისინი ასევე ისვრიან საგნებს პარლამენტის შენობის მისამართით. პრემიერმინისტრი, მთავრობის მეთაური, რომელიც უნდა იყოს ამ ქვეყანაში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ადამიანების უფლებების დაცვის გარანტი, მთავრობის სხდომაზე, პირდაპირ ახალისებს ამ ძალადობას და მოუწოდებს ძალადობრივი მოქმედებებისკენ. ღარიბაშვილმა ნაცვლად იმისა, რომ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ არ დაზიანდნენ ჟურნალისტები, ოპერატორები და მოქალაქეები, ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში იყოს დაცული, პრაიდის ორგანიზება დააბრალა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილს და ამით პირდაპირ გაუხსნა გზა ძალადობას.
ჩვენ მოვუწოდებთ დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოს საერთაშორისო მეგობრებს, რომელთაც ადარდებთ ამ ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება, დაუყოვნებლივ მოახდინონ უმკაცრესი რეაგირება, რადგან მსგავსი დაპირისპირება და ქაოსი ქვეყნისთვის უკიდურესად სახიფათოა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.