აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის მიმართულებით საქართველო კვლავ პირველ საფეხურზეა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის 1 ივლისის ანგარიშის მიხედვით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით კვლავ პირველ საფეხურზეა.

პროკურატურის ინფორმაციით, 190 შეფასებულ ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთია, რომლიც ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს მუდმივ რეჟიმში აგრძელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პოზიტიურად ფასდება როგორც ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ასევე სამართალდამცავთა საქმიანობა დანაშაულის პროაქტიულად გამოვლენისა და ტრეფიკიორთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით.

საქართველოს პროკურატურამ 2016-2020 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა 43 ტრეფიკიორის მიმართ დაიწყო, ამათგან სრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო – 8 პირის მიმართ, ხოლო არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე – სსკ-ის 143 სეკუნდა მუხლით – 35 პირის მიმართ. რაც შეეხება განაჩენებს, ყველა ტრეფიკიორის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. 2020 წელს ტრეფიკინგის 5 საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი 29 პირის მიმართ. ამათგან, აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიაში ჩართვის გზით ექსპლუატაციის ფაქტზე 3 ბრალდებულს მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 ბრალდებულს მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანარჩენ ბრალდებულებს – 5-10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველო, „კოვიდ-19“-ით გამოწვეული პანდემიის და სირთულეების მიუხედავად, მტკიცე და შეუქცევად ძალისხმევას აგრძელებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც ქვეყნის დადებით შეფასებას განაპირობებს, კერძოდ, ოთხ სკალიანი რეიტინგული სისტემით, საქართველოს უმაღლესი შეფასება აქვს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველო 2016 წლიდან პირველ კალათაში ადგილს ინარჩუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთია, რომელიც პირველ კალათაში მოხვდა. ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით საქართველო ევროკავშირის ქვეყნების – ავსტრიის, ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ფინეთის, ლიტვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ესპანეთის, შვედეთის, სლოვენიისა და დიდი ბრიტანეთის გვერდითაა.

სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება ისეთ ძირითად კომპონენტებს ეფუძნება, როგორებიცაა: სახელმწიფოს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა და ტრეფიკინგის პრევენციის და აღკვეთის კუთხით პარტნიორობა მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. უწყება ადამიანით მოვაჭრეების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები