გიორგი ვოლსკი: რადიკალური შეკრებები, განცხადებები და ქმედებები არის დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებთან
„რადიკალური შეკრებები, განცხადებები და ქმედებები არის დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებთან,“- ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„თუკი მაგისტრ მოსამართლესთან თხოულობს დაკითხვას, ეს მისი უფლებაა. ფაქტია, რომ კითხვები საკმაოდ მძიმეა, სერიოზულია და ამას უნდა გაეცეს პასუხი, ვინაიდან აქ არ არის ლაპარაკი ხელისუფლების და ოპოზიციის ურთიერთობებზე. აქ არის ლაპარაკი საქართველოს ხვალინდელ დღეზე და მის გადარჩენაზე ამ ურთულეს ვითარებაში და იმ გეგმაზე, რომელიც უპირისპირდება მთავრობის პოზიციას. ეს გეგმა არის უცვლელი, რევოლუციური პროცესი, სისხლის ღვრა და მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ყველანაირ დავალებას შეასრულებს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას. გენერალური პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2024 წლის პერიოდში პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ასევე ცალკეული ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.