თეა წულუკიანი: კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული არაჯანსაღი მართვის მოდელი კორუმპირებული იყო – ადგილი ჰქონდა კანონგარეშე პროცესებს, რომელთა მიზანსაც ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტი და ტერორი წარმოადგენდა

“არაერთი საქმისა და ფაქტობრივი ინფორმაციის ანალიზის შედეგად, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული არაჯანსაღი მართვის მოდელი კორუმპირებული იყო, ვინაიდან, მთელი მმართველობის განმავლობაში, ადგილი ჰქონდა კანონგარეშე პროცესებს, რომელთა მიზანსაც ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტი და ტერორი წარმოადგენდა,” – ამის შესახებ,  პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტის სხვადასხვა სქემა ჰქონდა შემუშავებული, რომელშიც არაერთი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

“„ნაციონალურ მოძრაობას“ ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტის სხვადასხვა სქემა ჰქონდა შემუშავებული. სქემებში მონაწილეობდა არაერთი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, დავალებას ამ სტრუქტურის ხელმძღვანელის გვერდის ავლითაც იღებდა და ასრულებდა. სამართალდამცავი და სხვა შესაბამისი სტრუქტურები სამართავად დანაწილებული ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელს, რომლებიც, ერთმანეთთან კოორდინირებული მუშაობისა და ერთმანეთის ხელშეწყობის შედეგად, სახელმწიფო რესურსის გამოყენებითა და ძალისმიერი მეთოდებით, მათ შორის, უკანონო დაკავების, სისხლის სამართლის საქმის უსაფუძვლოდ აღძვრით და სხვ., ბიზნესის წარმომადგენლებსა და სხვა კერძო მესაკუთრეებს აიძულებდნენ, უძრავი ან მოძრავი ქონება დაეთმოთ. ამასთან, გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი აღსრულებისას, მნიშვნელობა არ ჰქონდა, მოცემული საკითხი განმახორციელებელი პირის უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნებოდა თუ არა. არსებობდა დასატერორებელ ბიზნესმენთა ე.წ. შავი სია და ბიზნესის რეკეტი პირადი ან პოლიტიკური შურისძიებისთვისაც გამოიყენებოდა.
ბიზნესისა და სხვა კერძო პირებისთვის ძალისმიერი ან სხვა უკანონო მეთოდებით წართმეული ქონება ან სახელმწიფოს საკუთრებაში მოექცეოდა ან გამოიყენებოდა პარტიული მიზნებისათვის ან კიდევ ხმარდებოდა მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ლიდერების ოჯახების ან მათთან დაკავშირებული პირების კომერციულ მიზნებსა და პირად კეთილდღეობას.” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები