ვასო გოძიაშვილის პარკში მულჩი შეიტანეს
შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში არსებულ რეკრეაციულ სივრცეებში მულჩის შეტანას განაგრძობს.
ამ ეტაპზე მულჩის შეტანა ვასო გოძიაშვილის პარკში განხორციელდა.
შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ აწარმოებს ორგანულ მულჩს, რომელიც მწვანე ნარჩენისგან მიიღება. ის ეკოლოგიურად სუფთა ორგანული სასუქია.
ბიოლოგიური ფუნქციის გარდა, მულჩირებას დეკორატიული დატვირთვაც აქვს – გამწვანებული სივრცეების იერსახის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
ეს ბუნებრივი საფარი იცავს ნიადაგს მაღალი ტემპერატურისგან, ყინვისგან, გამოშრობისგან, ჩარეცხვისა და ეროზიისაგან, ასევე, აფერხებს სარეველა მცენარეების აღმოცენება–განვითარებას.
დედაქალაქის გამწვანებულ ტერიტორიებზე აღნიშნული ორგანული პროდუქტის შეტანა ეტაპობრივად განხორციელდება და მთელ ქალაქს მოიცავს.
შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ მწვანე ნარჩენებისგან მულჩის წარმოება დედაქალაქის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად დაზოგავს.