ნიდერლანდებში მძიმე სენით დაავადებული 12 წლამდე ასაკის ბავშვის ევთანაზიის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, “ის განიცდიდა მძიმე ფიზიკურ ტანჯვას “- მედია

ნიდერლანდებში პირველად განხორციელდა ევთანაზია 12 წლამდე ასაკის ბავშვზე მას შემდეგ, რაც ქვეყანაში 2024 წელს ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაბამისი რეგულაციები გაფართოვდა.

შემთხვევა უკვე დადასტურდა ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და გადაეცა შესაბამის საგამოძიებო და სამედიცინო-ეთიკურ კომიტეტებს, რომლებიც ასეთ საქმეებს ამოწმებენ.

ჯანდაცვის მინისტრ სოფი ჰერმანსის განცხადებით, ბავშვი მძიმე, განუკურნებელი დაავადებით იყო დაავადებული და განიცდიდა აუტანელ ტანჯვას. მისი თქმით, ევთანაზია განხორციელდა წინა წლის ბოლოს, თუმცა დეტალები, მათ შორის ასაკი და დიაგნოზი, საჯაროდ არ ქვეყნდება.

ნიდერლანდებში მოქმედი კანონმდებლობით, ევთანაზია დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს აქვს „აუტანელი ტანჯვა გამოჯანმრთელების პერსპექტივის გარეშე“. არასრულწლოვნების შემთხვევაში აუცილებელია მშობლების თანხმობა, დამოუკიდებელი ექიმების კონსილიუმი და მკაცრი ეთიკური შეფასება.

2024 წელს მიღებული ცვლილებებით, რეგულაცია გავრცელდა 1-დან 12 წლამდე ბავშვებზეც, თუმცა ხელისუფლების განცხადებით, ასეთი შემთხვევები მოსალოდნელია მხოლოდ ძალიან იშვიათად, წელიწადში რამდენიმე ფაქტის ფარგლებში.

საქმის გარემოებებს ამ ეტაპზე შესაბამისი ზედამხედველობის ორგანოები და პროკურატურა სწავლობს, რათა დადგინდეს, სრულად იყო თუ არა დაცული კანონის მოთხოვნები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები