„თამბაქოს ინდუსტრიამ სამედიცინო პერსონალზე ნადირობა დაიწყო – ექიმების მოსყიდვას ცდილობს“ – „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ბახტურიძის განცხადებით, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენელი, „ფილიპ მორისი“ გახურებადი თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციისათვის სხვადასხვა ჯგუფის, მათ შორის, ექიმების მოსყიდვას ცდილობს.
ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„დღეს საუბრის ძირითადი თემა გვექნება ის, თუ თამბაქოს ინდუსტრია როგორ ცდილობს სხვადასხვა ჯგუფის მოსყიდვას. ამ ეტაპზე, ჩვენს კოლეგებზე, სამედიცინო პერსონალზე დაიწყეს ნადირობა. უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში „ფილიპ მორისი“ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისათვის სპეციალურ შეხვედრებს ასპონსორებს. მათი მარკეტინგული ხრიკი რა არის: თამბაქოს ზიანის შემცირების შეფუთვით მათი ახალი პროდუქტის, „აიქოსის“ პოპულარიზაციას აპირებენ. ცდილობენ, სამედიცინო საზოგადოებაში განხეთქილება შეიტანონ, საქართველოში უკვე 4 შეხვედრა გაიმართა. სხვადასხვა დარგის სპეციალისტები იყვნენ მიწვეულები, მათ შორის, ფთიზიატრები, ონკოლოგები, სტომოტალოგებიც კი. ხდება მათი დამუშავება იმ თვალსაზრისით, რომ მათი პროდუქტი, თითქოს, ჯანმრთელობისათვის ნაკლები ზიანის მომტანი ყოფილა. სამწუხაროდ, ჩვენი რამდენიმე კოლეგა ამ პროცესში ინტენსიურადაა ჩაბმული. თითქმის ყველა ღონისძიებას ესწრებოდნენ და პრეზენტაციებსაც აკეთებდნენ.
დაახლოებით, 2 კვირის წინ შევიტყვეთ, რომ 24 ივნისს წინანდალში ჟურნალისტებთან, ეკონომისტებთან, იურისტებთან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან მორიგ შეხვედრას აპირებდნენ. რა თქმა უნდა, ძირითადი თემა იქნებოდა ის საკანონმდებლო ინიციტივა, რომელსაც „ფილიპ მორისი“ და სხვა კომპანიები ინტენსიურად ლობირებენ, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ.
როცა ამის შესახებ შევიტყვეთ, პარლამენტში არაგადამდები დაავადებების თემაზე სპეციალური შეხვედრა გვქონდა. მაშინ ჩვენს კოლეგებს, პარლამენტის წევრებს, ასოციაციის ხელმძღვანელებს მივმართეთ, რომ თამბაქოს ინდუსტრიის მახეში არ გაბმულიყვნენ, არ მომსახურებოდნენ მათ ბიზნესინტერესებს. საბედნიეროდ, ვინც პროფესიონალია და ამ დარგში წლებია, მუშობს, კარგად გაიგო ეს პრობლემა და ამ ზეგვალენებს გამოეთიშა.
ბოლო შეხვედრაზე, სადაც მეც მივედი, კვლავ იყვნენ იგივე ადამიანები, რომლებიც წინა შეხვდრებსაც ესწრებოდნენ. სამწუხარო ფაქტი გახლავთ ის, რომ ეს ხალხი ჯანდაცვის სამინისტროს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ. ამ ღონისძიებაზე მთავარი მომხსენებელი ყოფილი მინისტრი,სანდრო ურუშაძე იყო.
ამ ადამიანებს არ აქვთ იმის გაგება, თუ რა არის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია, ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობას არც იცნობენ და თამბაქოსთვის თავის დანებების სტრატეგიების შესახებ წარმოდგენა არ აქვთ. ეს მათ პრეზენტაციებში გამოჩნდა. ძირითადად, ხაზგასმა იყო იმაზე, რომ გახურებადი თამბაქოს ნაწარმი, თურმე, ლამის რა კარგი ყოფილა ჯანმრთელობისათვის“, – განაცხადა ბახტურიძემ.
მისივე თქმით, თამბაქოს ინდუსტრიის სურვილია, გახურებადი თამბაქოს ნაწარმი ისე არ რეგულირდებოდეს, როგორც ჩვეულებრივი თამბაქოს პროდუქტი.
„ბოლო ლურსმანი ამ პროცესში „ ფილიპ მორისის“ მიერ დაფინანსებულმა იურისტმა დააჭედა. გაიშიფრა სიტუაცია, რისთვის ითრევენ ამ პროცესში ჟურნალისტებს, იურისტებს, ექიმებს- იმისათვის, რომ ფართო პროპაგანდა მოახდინონ. ითხოვენ რას: იმის გამო რომ, თითქოს, გახურებადი თამბაქო ჯანმრთელობისთვის ნაკლები ზიანის მომტანია, არ შეიძლება, ჩვეულებრივი თამბაქოს ტოლი გადასახადით იბეგრებოდესო. ასევე, ითხოვენ, დაშვებული იყოს ამ პროდუქტის პოპულარიზაცია სავაჭრო ობიექტებში, მათ შეფუთვებზე სამედიცინო გაფრთხილებები არ უნდა იყოს დატანილი.
ხაზს გავუსვამ, „ევროპული საქართველო“ პირდაპირ იღებდა დაფინანსებას იმისათვის, რომ წინა პარლამენტში „ფილიპ მორისის“ საკანონმდებლო ინიციტივები გატანათ, რაც ვერ შეძლეს“, – განაცხადა ბახტურიძემ.
მისივე თქმით, გახურებადი თამბაქო ჯანმრთელობისათვის ისეთივე ზიანის მომტანია, როგორც ჩვეულებრივი თამბაქოს პროდუქტი.
„უკვე არსებული კვლევებით, „აიქოსი“ დიდი რაოდენობით ნიტროზამინებს შეიცავს, ეს სერიოზული კანცეროგენია, რომელიც მოკლე პერიოდში კიბოს იწვევს. ამასთან, გახურებად თამბაქოში უფრო მაღალი დოზით ფიქსირდება ისეთი ტოქსიური ნივთიერებები, როგორიცა აცეტალდეჰიდები, აკროლინი და ფორმალდეჰიდი. ასევე, ამბობენ, რომ გახურებადი თამბაქო შეიძლება, თამბაქოზე თავის დანებების საშუალებადაც განვიხილოთ. ეს აბსურდია. გახურებადი თამბაქო შეიცავს ნიკოტინს, ანუ დამოკიდებულება ნარჩუნდება, ასევე, ქცევითი დამოკიდებულება, მოწევის პროცესიც ნარჩუნდება“, – განაცხადა ბახტურიძემ.
ორგანიზაციამ აღნიშულ თემაზე განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, იმის გამო, რომ ჩვეულებრივი თამბაქოს მოხმარება იკლებს, იკლებს ინდუსტრიის შემოსავალიც, ამიტომაც, თამბაქოს მწარმოებლები გადავიდნენ ახალი, მოდერნიზებული მკვლელი პროდუქტის აქტიურ რეკლამა-პოპულარიზაციაზე, რაც პირდაპირ ურტყამს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სასიცოცხლო ინტერესებს და აკრძალულია კანონით.
“თამბაქოს ინდუსტრია, ფაქტობრივად, ექიმებს აიძულებს, მწეველებს მოწევაზე თავის დანებების საშუალებად, რეცეპტივით, გახურებადი თამბაქოს ნაწარმი გამოუწერონ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, თამბაქოს ინდუსტრია აფინანსებს ზოგიერთ მკვლევარსა და სამედიცინო დარგის სპეციალისტს, რათა მათი სახელით ახალი პროდუქტების პოპულარიზაცია შეძლონ.
თამუნა შეყილაძე