თამარ გაბუნია: განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ შეიძლება, შევთავაზოთ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და ის პაკეტი, რომლებიც სახელმწიფომ შეიძლება, სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას შესთავაზოს.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია კორპორაციული პასუხისმგებლობაც, რათა კომპანიებმა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის დასაქმებულები წაახალისოს.
„განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და ის პაკეტი, რომელიც ჩვენ შეიძლება, შევთავაზოთ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას. მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის. ასევე, განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირებას, ანუ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო. რა თქმა უნდა, განიხილება, ასევე, შესაძლებლობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედების იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ასეთი ე.წ. მწვანე საშვი. მიდის, ასევე, მუშაობა საინფორმაციო სისტემის გაფართოებაზე. გარკვეული ლოჯისტიკური ხარვეზები ბოლო პერიოდის განმავლობაში საინფორმაციო სისტემას ჰქონდა და ამდენად, რამდენიმე უწყების ჯგუფი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ გაზრდილი დატვირთვის პირობებში ამგვარი პრობლემები არ შეიქმნას“, – განაცხადა გაბუნიამ.