სამოქალაქო აქტივისტმა პარლამენტში დეპუტატებს ფურცლები გადააყარა
პარლამენტში, როდესაც დეპუტატები ამნისტიის კანონპროექტს განიხილავდნენ, სამოქალაქო აქტივისტმა დეპუტატებს თავზე ფურცლები გადააყარა.
ფურცელზე წერია – „რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში“.
ცნობისთვის, 3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ 4 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა და სააგენტომ უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა. ამავე განცხადების მიხედვით, კიდევ 10 ბავშვის გადაყვანაზე მიმდინარეობდა მუშაობა. 4 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ნინოწმინდის პანსიონიდან რამდენიმე არასრულწლოვანი გამოიყვანეს.