ამირან გამყრელიძე: ფართომასშტაბიანი ვაქცინაციისთვის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დიდი ცენტრები მოეწყობა
“ვმუშაობთ „ექსპო ჯორჯიასთან“, სპორტულ დაწესებულებებთან, მოლებთან მათი ფართების გამოყენებაზე, რათა ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იყოს როგორც დაჯავშნით, ისე – ცოცხალი რიგით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ოთხ ქალაქში” თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დიდი ასაცრელი სივრცეები შეიქმნება.
„საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში სულ მცირე სამი ან ოთხი, დანარჩენ ქალაქებში თითო თითო. კარვებზე არ არის საუბარი, საუბარია უფრო დიდ სივრცეებზე. დასამალი არ არის, აქტიურად ვმუშაობთ „ექსპო ჯორჯიასთან“ მათი პავილიონების გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე, ჰუალინგის ცენტრთან მათი ფართობების გამოყენებასთან დაკავშირებით, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან, სადაც დიდი დარბაზებია, მოლებთან, რათა ინტენსიური ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, როგორც წინასწარი დაჯავშნით, ისე – ცოცხალი რიგით“, – აღნიშნა გამყრელიძემ.