ანა ნაცვლიშვილი: რატომ ვერ ხდება კოვიდ-19 თემა საქართველოს პარლამენტში მაშინ, როცა სხვა ქვეყნების პარლამენტებში არ ჩამოდის დღის წესრიგიდან
“რატომ ვერ ხდება კოვიდ-19 თემა საქართველოს პარლამენტში მაშინ, როცა სხვა ქვეყნების პარლამენტებში არ ჩამოდის დღის წესრიგიდან”, – ასე გამოეხმაურა “ლელოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილი კოვიდ-19 ინფექციის დღევანდელ სტატისტიკას.
„გვყავს ჯანდაცვის არასათანადო სერვისებით დაავადებული და დაღუპული ადამიანები. დიდხანს აპირებს კიდევ პარლამენტი, არ შეიმჩნიოს, რომ საგანგაშოდ მოწინავე გვაქვს სიკვდილიანობის სტატისტიკა, რომელიც განსაკუთრებით დამძიმდა ბოლო კვირების განმავლობაში? დიდხანს აპირებს პარლამენტი, მხოლოდ ტაში უკრას ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს?”- კითხვით მიმართა სახელისუფლებო გუნდს ანა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტი გაკეთებულ საქმეებზე საუბრობს, ნაცვლად იმისა, რომ დაიბაროს ჯანდაცვის მინისტრი და კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ სერიოზულ შეცდომებზე, გადაცდომებსა და სისტემურ ჩავარდნებზე ანგარიში მოსთხოვოს.
„არ ვიცი, რატომ ვერ ხდება ეს წამყვანი თემა საქართველოს პარლამენტში მაშინ, როცა სხვა ქვეყნების პარლამენტებში არ ჩამოდის დღის წესრიგიდან. არ გავჩერდები მანამ, სანამ ყოველ კონკრეტულ ნაბიჯთან არ გვექნება შესაბამისი ინფორმაცია. უამრავი კონკრეტული პასუხგაუცემელი კითხვაა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი აქ, ამ დარბაზში პასუხებს უნდა სცემდეს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.