რეგულირების სააგენტომ “მაუგლის მეთოდით” ბავშვების მკურნალობა უკანონო საქმიანობად შეაფასა
საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეისწავლა მცირეწლოვანი ბავშვების „მაუგლის მეთოდით“ მკურნალობის საკითხი და უკანონო საექიმო საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა.
“შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ ჩარევას, რასაც – განსაკუთრებით მათ ადრეულ ასაკში, მძიმე და შეუქცევადი გართულებების განვითარება შეიძლება, მოჰყვეს. აღნიშნული მეთოდის განმახორციელებელ პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა.
აღსანიშნავია, რომ, პედიატრიის საექიმო სპეციალობის ექსპერტის შეფასებით, „მაუგლის ვარჯიშების“ შესახებ დეტალური ინფორმაცია არსად არ მოიპოვება. უცნობია, თუ რას ემყარება ეს მეთოდი, არის თუ არა სადმე აღწერილი და აქვს თუ არა მას რაიმე თეორიული თუ პრაქტიკული საფუძველი. ხოლო ის კადრები, რაც ინტერნეტსივრცესა და სატელევიზიო გადაცემებში ვრცელდება, მიუთითებს, რომ ეს არის ძალზე აგრესიული მოძრაობების ნაკრები, რომელიც ხორციელდება ახალშობილობის ასაკიდან და რომელიც ბავშვის თავის ტვინისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებების მაღალი რისკის შემცველია და შესაძლოა, განვიხილოთ, როგორც ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმა.
ექსპერტის თქმით, თავის ტვინის ტრავმა ისეთმა თითქოს უბრალო გართობამაც შეიძლება, გამოიწვიოს, როგორც თამაშის მიზნით ბავშვის ჰაერში აგდება და დაჭერაა. თავის ტვინსა და თავის ქალას ძვლებს შორის მცირე სივრცეა, შენჯღრევა იწვევს თავის ტვინის უხეშ შეხებას ძვლებთან და მის ტრავმირებას, რასაც შესაძლოა, მოჰყვეს თავის ტვინში სისხლჩაქცევა, მისი შეშუპება და სიკვდილიც კი (შემთხვევათა 13-23%-ში). გარდა ამისა, შეიძლება, განვითარდეს ძვლებისა და რბილი ქსოვილების დაზიანება, ხერხემლის მალების მოტეხილობა, თვალის ბადურაში სისხლჩაქცევა, რამაც მხედველობის გაუარესება ან მისი დაკარგვა გამოიწვიოს.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საზოგადოებას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს მსგავსი ტიპის ჩარევებს და არ შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე.
ამასთან, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მუდმივი მონიტორინგი ანხორციელოს, მსგავსი პრაქტიკების გავრცელების პრევენციისა და შემთხვევებზე დროული რეაგირების მიზნით”, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.