დავით სერგეენკო: დღევანდელი მონიტორინგი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ნინოწმინდის პანსიონში შევიდეს სახალხო დამცველი ან ვინმე სხვა და თავისი მოვალეობა შეასრულოს
“დღევანდელი მონიტორინგი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ნინოწმინდის პანსიონში შევიდეს სახალხო დამცველი ან ვინმე სხვა და თავისი მოვალეობა შეასრულოს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აქამდე ვითარება არ უნდა მისულიყო და უფრო ადრე უნდა მოგვარებულიყო.
„რამდენიმე მნიშვნელოვანი მოცემულობაა. პირველი ის, რომ ბავშვზე ზრუნვის საერთაშორისო და ადგილობრივი წესები, მათ შორის მონიტორინგის შესაძლებლობაც უპირობოდ ყველგან უნდა იყოს დაცული, არ აქვს მნიშვნელობა – საეკლესიო დაწესებულებაა, სასულიერო თუ საერო. საბედნიეროდ, უკვე ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტების დიდი ჯგუფი არის მონიტორინგზე შესული და ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ჩემი აზრით, ეს ვითარება აქამდე არ უნდა მისულიყო არცერთ შემთხვევაში, მით უმეტეს, ის გაურკვეველი სიუჟეტები, რაც გადიოდა სხვადასხვა მედიაში, სხვა ბავშვებს სტრესავს, უბრალოდ, არ შეიძლება. კონსულტაციები უნდა აიღონ ამ ადამიანებმა, ვიდრე ასეთ ნაბიჯებს გადადგამენ. დღეს რაც ხდება, აქამდე ვითარება არ უნდა მისულიყო და უფრო ადრე უნდა მოგვარებულიყო. ვფიქრობ, დღევანდელი მონიტორინგი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მონიტორინგისთვის შევიდეს სახალხო დამცველი ან ვინმე სხვა, ვინც საჭირო იქნება და შეასრულოს თავისი მოვალეობა“, – განაცხადა სერგეენკომ.
3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.