ამირან გამყრელიძე: დაავადებათა კონტროლის ცენტრი „სამხრეთ აფრიკული შტამის“ ერთ საეჭვო შემთხვევაზე დაკვირვებას აწარმოებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამხრეთ აფრიკული შტამის ერთ საეჭვო შემთხვევაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაკვირვებას აწარმოებს.
მისივე თქმით, სამხრეთ აფრიკული შტამი კლინიკურად განსაკუთრებით მძიმედ არ მიმდინარეობს.
„სამხრეთ აფრიკულ შტამზე გიდასტურებთ, რომ ერთ-ერთ საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს დაკვირვება ჩვენთან. დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიმდინარეობს საეჭვო შემთხვევის გენეტიკური ანალიზი, სეკვენირება ამ ნიმუშის. ამ დღეებში გვექნება პასუხი და გავაჟღერებთ. თუ იქნება დადებითი, მაშინ ვიტყვით, რომ დიახ, სამხრეთ აფრიკული შტამიც გვაქვს. კლინიკურად განსაკუთრებით მძიმე არ არის. შედარებით ნაკლებად არის გავრცელებული. დღეს ევროპაში პრევალირებს „ბრიტანული შტამი“, რომელმაც თითქმის სრულად ჩაანაცვლა ის კლასიკური შტამი. მისი ერთ-ერთი თვისება გახლავთ ის, რომ შედარებით ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით – ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკში. აფრიკულ შტამზე შედარებით ნაკლებია მონაცემები“, – განაცხადა გამყრელიძემ.