თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია იმავეს გაიმეორებს თვითმმართველობის არჩევნებში, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თქვეს – მათ წყალში გადაყარეს ამომრჩეველთა ხმები
ოპოზიცია იმავეს გაიმეორებს თვითმმართველობის არჩევნებში, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თქვეს – მათ წყალში გადაყარეს ამომრჩეველთა ხმები, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა პარლამენტში 61 ოპოზიციონერი რომ იჯდეს, განსხვავებული ვითარება იქნებოდა.
„ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა იმოქმედოს ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად. მივმართავ ჩვენი ოპონენტების ამომრჩეველს, თქვენ ერთი პერიოდი დაუჯერეთ მათ, მიეცით 61 მანდატი 150-კაციან პარლამენტში. თქვენ წარმოგიდგენიათ 61 ოპონენტი რომ იჯდეს და ოპონირებას უწევდეს, რა ვითარება იქნებოდა, რა დისკუსიები იქნებოდა, რამდენჯერ შეეცდებოდნენ ისინი ჩვენი გადაწყვეტილება შეეცვალათ?! ბევრ რამეში დაგვარწმუნებდნენ კიდეც და ეს დიალოგი შედგებოდა. ამაზე უარი თქვეს, წყალში გადაყარეს ამომრჩევლების ხმები და მათ უთხრეს, რომ რა ვქნათ, მერე რა, რომ ხმა მოგვეცით, ეს არავითარი შედეგის მომტანი არ იყო. ახლაც იმავეს გაიმეორებენ ადგილობრივ არჩევნებში“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაზე.
„ის ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, ამბობენ, რომ თუ ისინი თბილისში გაიმარჯვებენ, ეს იქნება რევოლუციური შტაბი და გამოვიწვევთ ხელისუფლების რღვევას მთელ საქართველოში. მე ასეთი წინასაარჩევნო კამპანია არ გამიგია დედამიწაზე სადმე ყოფილიყოს. რა თქმა უნდა, ეს დამარცხებისთვისაა განწირული“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.